1992 წელს, 23 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად ,საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმა მან პირადად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადისლავ არძინბასთან შეათანხმა, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა. საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული პირველი მსხვერპლი სწორედ ამ საგუშაგოზე მომხდარ შეტაკებას უკავშირდება.
14 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზეთის ხალხს სამამულო ომის დაწყება აუწყა და ადგილობრივ შენაერთებსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ჩართულ საზოგადოებას თავ-თავიანთი პოზიციების დაკავებისკენ, ხოლო ოფიციალურ თბილისს სახელმწიფო საბჭოს ჯარების აფხაზეთიდან გაყვანისკენ მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული შენაერთები ქალაქებში არ უნდა შესულიყვნენ, ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ თენგიზ კიტოვანის შენაერთები აფხაზეთის დედაქალაქში ტანკებითა და მძიმე ტექნიკით შევიდნენ. ქალაქში შესვლისთანავე დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლა ქალაქ სოხუმის ტურბაზის რაიონსა და იმავე რაიონთან ახლოს მდებარე წითელი ხიდთან გაიმართა. სოხუმის ძირითად ნაწილში დარჩენილმა აფხაზურმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ წინააღმდეგობა სამი დღე გასწია და 17 აგვისტოს სოხუმი ორგანიზებულად დატოვა და ქალაქ გუდაუთაში გადაბარგდა.
ამ სამი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი სოხუმის განაპირა, შუქურის რაიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში იყო და იქედან ხელმძღვანელობდა აფხაზური ძალების წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ თავადაც გუდაუთაში გადაბარგდა.
აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონები დაშლილი ჰყავდა.
მიუხედავად ამისა 16 სექტემბერს სოხუმისათვის ბრძოლა 27 სექტემბერს დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 1993 წლის შემოდგომაზე განვითარებულ პროცესებს წინ უძღოდა 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზური შენაერთების მიერ აღება. სწორედ გაგრის ზონის დაკარგვით შეძლო აფხაზურმა მხარემ რუსეთთან საზღვრის დაკავებით ქართულ მხარეზე უპირატესობის მოპოვება.
აფხაზურმა შენაერთებმა საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურზე 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. სწორედ ამიტომ აფხაზური ხელისუფლება ქართულ მხარესთან საომარ მოქმედებებში გამარჯვებას ოფიციალურად 30 სექტემბერს აღნიშნავს.