დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბარში ნაციონალურ მოძრაობაში შექმნილ ვითარებას აფასებს . შაშკინი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს და აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მისაღებად პოლიტსაბჭოს სხდომა არ არის საკმარისი და უნდა ჩატარდეს ყრილობა, რომლის ფარგლებშიც საკუთარ აზრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ამომრჩევლებიც დააფიქსირებენ.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და გადაწყვეტილების მიღება, პარტიის მხარდამჭერების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში. ნაციონალური მოძრაობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ იყოს გათვალისწინებული იმ დაახლოებით 600 ათასი მხარდამჭერის აზრი, რომელიც მოვიდა არჩევნებზე, მოგვცა ხმა. მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ტერაქტებისა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრები სხედნან ციხეებში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩამოართვეს მოქალაქეობა და არ უშვებენ სამშობლოში. მიუხედავად ყველაფერი ამისა, მიუხედავად რეპრესიებისა, 600 ათასი ადამიანი მოვიდა და მოგვცა ხმა. ბევრად მეტი იყო, მაგრამ ის, რაც დაფიქსირდა და იყო დეიურე ამ არასამართლიან არჩევნებზე, ესეც არის ხალხის დიდი რაოდენობა.
ახლა ვსაუბრობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი და ხმარდამჭერი. ვთვლი, რომ არცერთ ჯგუფს არ აქვს უფლება, რომ მას ჰქონდეს საკუთრების უფლება ამ 600 ათას ადამიანზე. აქედან გამომდინარე ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილს მესიჯსა და წერილის პათოსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა იყოს მოწვეული ფართომასშტაბიანი ყრილობა. ეს არ უნდა იყოს ყრილობა, რომელიც შედგება მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არსებულ პოლიტსაბჭოსთან დაახლოებულნი არიან, ეს უნდა იყოს ფართო მaსშტაბიანი ყრილობა, რომელმაც ამ პარტიის ბედი უნდა გადაწყვიტოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 600 ათასი ადამიანი მზად არის, რომ ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება, სად წავა ეს პოლიტიკური პარტია და სად არის მისი მომავალი. ამ ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება და გადაწყვიტოს პოლიტიკური სტრატეგია" – აცხადებს შაშკინი.
,,რაც შეეხება გიგი უგულავას წერილს, მე ვეთანხმები დემოკრატიის პრინციპებს, მაგრამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია საუბარი თავმჯდომარის პოზიციაზე და მიხეილ სააკაშვილმა რომ უდნა დატოვოს იგი, რადგან მიხეილ სააკაშვილი ახლაც არ არის თავმჯდომარე, რადგან მას წაართვეს მოქალაქეობა. გაუგებარია საიდან უნდა გადადგეს? სააკაშვილის წვლილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერავინ ვერასდროს ვერ შეამცირებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ფიგურა საქართველოში არც არის, მაგრამ პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ შეამცირებს და წაართმევს. მისი პოლიტიკური კაპიტალია 600 ათასი ამომრჩეველი, ეს კაპიტალი მოიპოვა იმ წარმატებებით, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიაღწია – არაშემდგარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისგან შეიქმნა სახელმწიფო.- წერს დიმიტრი შაშკინი