ბეგლარის გადამრჩენი შუმბას მკვლელებს ყავთ ციხეში გამომწყვდეული – ბეჟან ლორთქიფანიძესავით კაცების ფასი რომ იცის, ის ხალხი არა ხართ თქვენ!

0
925

20 ივნისის მოვლენების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად დაკავებული ცნობილი ბიოლოგი და მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძეა. მას პარლამენტში შეჭრის მცდელობას ედავებიან.

დავიწყოთ იმით, რომ ლორთქიფანიძე აქციაზე თავად დაშავდა. ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.

„შუბლზე ჰქონდა ნასროლი რეზინის ტყვია. მანამდეც არის კადრები,როგორ მიათრევდნენ პოლიციელები ხალხს, მერე მოხდა ის რაც მოხდა, მაგას დასაწყისი აქვს და სხვა ნაწილია ამოჭრილი,“-ამბობს ლორთქიფანიძის ოჯახი წევრი.

ბეჟან ლორთქიფანიძე ზოოლოგია. 1999 წელს დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი და სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესში“ დაიწყო მუშაობა. ზოგადად, კონსერვაციული კვლევითი საქმიანობის გარდა, მისი სამეცნიერო და საველე სამუშაო მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციების კვლევა-მონიტორინგს ეხება.

ბეჟან ლორთქიფანიძე ფართო საზოგადოებამ ჰიპოპოტამ ბეგლარის გადარჩენის ოპერაციის შემდეგ გაიცნო. ახლა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ბეგლარის გადამრჩენი შუმბას მკვლელებს ყავთ ციხეში გამომწყვდეული.

ბიოლოგი ლევან ბუთხუზი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ჩანაწერებს ივნისის წყალდიდობისა და ზოოპარკის დატბორვის შესახებ, რომელმაც გამოავლინა შუმბას მკვლელებისა და ბეგალრის გადამრჩენთა რადიკალურად განსხვავებული მორალური სახეები.

რა გააკეთა ბეჟან ლორთქიფანიძემ ბეგისთვის?

ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის, „ნაკრესის” თანამშრომელი და საველე ბიოლოგი, რომელიც ორი ათეული წელია ველურ ბუნებას სწავლობს და „ნაკრესის” საველე პროექტებს ხელმძღვანელობს, იმ დღეებში ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. „ნაკრესმა“ დათვების მონიტორინგის პროექტი დაიწყო. ამიტომ, საიმობილიზაციო პრეპარატები და სპეციალიზირებული თოფი, ცხადია, თან წაიღო.

რამდენიმე საათით ადრე, სავარაუდოდ, დილის 3 საათზე, ჰიპოპოტამს რამდენჯერმე ესროლეს საიმობილიზაციო პრეპარატი, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, შპრიცი ისხლიტებოდა. „მგონი დავიღუპეთ, – მითხრა ზურამ ( საუბარია თბილისის ზოოპარკის დირექტორზე სურაბ გურიელიძეზე) – თუ ბეჟო დროზე ვერ ჩამოგვისწრებს, ბეგის მომიკლავენ!“ 25 წლის განმავლობაში პირველად დავინახე მის სახეზე ცრემლი. საზარლად მეჩვენა „მომიკლავენ!“ კი არ „მოკლავენ“, „მომიკლავენ!“ ხელის კანკალით ავკრიფე ბეჟოს ნომერი. ტელეფონში წყნარი ხმა გაისმა – „ნუ ღელავთ, აწყვეტილი მოვდივარ, მალე მანდ ვარ!“

უფრო ადრე, დაახლოებით 2:30-ზე ზოოპარკიდან გამოვარდნილმა ზურამ მომაძახა – „ნაკრესის“ თოფი და დამაძინებელი წამლები გვჭირდება, ჩვენ მალე ყველაფერი გამოგველევა. ლევან, შიგნით საშინელება ხდება!“. ზოოპარკში ატეხილი სროლის ფონზე ისტერიკულად დავიწყე რეკვა.

სულ დაკავებაა. ნერვები დაგლეჯაზე გვაქვს. უცებ, თავად რეკავს – „რა ხდება თბილისში? რაღაც უცნაური ამბები მომდის და ტრადიციული თბილისური ჭორებია?“. პასუხის შემდეგ, ისევ მშვიდი ხმა – „მოვდივარ! ორი საათი მაცალეთ! გადაეფარეთ თუ საჭიროა, არ მოაკვლევინოთ!“ არგუმენტმა გაჭრა.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ორი საათი მოგვცა. დაიწყო ორი უმძიმესი საათის ათვლა. ისევ ტერიტორიაზე შევვარდით. მგელი, რომელიც იმობილიზებული და გაკოჭილი დავტოვეთ, ღობესთან მოკლული დაგვხვდა. პერიოდულად ისმის სროლა. მგონია, რომ ყველა ტყვია სხეულში გამდის. შლამში ძლივს მივაბოტებ.

. „ხომ გთხოვთ, ნუ ისვრით შიგნით. დაფრთხებიან და ყველა ზოოპარკიდან გამოვარდება, გარეთ ხალხს რას უშვრებით?!“ – მესმის ზურას ყვირილი სადღაც შორიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ხმა ადრესატამდე ვერ აღწევს

ბეგისთვის განაჩენი ფაქტობრივად გამოტანილია. ლეტალური ტყვია უნდა ესროლონ. მაგრამ აი, ბეჟანი მოვიდა.

,,ჩვეული სიმშვიდით გადახსნა თოფი, შპრიცი ჩადო, დაკეტა და ნაცრისფერი ობიექტი მიზანში ამოიღო. სული შეგვეგუბა. წამები უსასრულოდ გაიჭიმა. ჩახმახი დასხლტა, გაისმა ტკაცანი და ვარდისფერი პომპონი ჰიპოპოტამის ყურის ძირთან, კისერში ჩაჯდა.

„Yes!“, – დაიყვირა ვიღაცამ. ეს ბეჟოს მიერ ჩატარებული მორიგი “მასტერკლასი” იყო. უკვე გათენდა. ფაილის მონაცემებში, გოგიტა ბუხაიძის გადაღებულ ამ კადრზე, დილის 6 საათი და 01 წუთია დაფიქსირებული. – წერს ლევან ბუთხუზი.

წინა სტატიალარის გაუფასურება, ფასების მატება და ადგილობრივების უკმაყოფილება შექმნილ ვითარებაზე [Video]
შემდეგი სტატიაჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური