,,ახალი საქართველოს” ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კიზისს და მოახდენს ინტეგრაციას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.
“დღეს საქართველოში მძიმე ვითარებაა. ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება. ამ პირობებში აუცილებელია შეიქმნას ანტიკრისიზული გეგმა! უნდა ვიმოქმედოთ ეფექტურად, მოქნილად და სწრაფად, რათა ავაცილოთ დამატებითი ეკონომიკური პრობლელები. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის!
კვლავ ვიმყოფებით რუსეთისგან აგრესიისა და სანქციების მოლოდინში, რომელიც ნაწილობრივ უკვე ამოქმედდა ტურიზმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლების მიმართულებით.
ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბოლო წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაცია და ქართული ეკონომიკის დივერსიფიცირება.”- გიორგი ვაშაძე
ოპოზიციური პარტიის ლიდერი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე საუბრობს.
“და მაინც როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? ეს არის მთავარი კითხვა დღეს! ნუ ველოდებით მტრისგან მოწყალებას! დროა ვიმოქმედოთ!
მძაფრი კრიზისული ვითარების საპირწონედ გვაქვს მეგობარი ქვეყნებისგან მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ კრიზისის დაძლევის ხუთპუნქტიან ინიციატივას სახელწოდებით – მხარდაჭერა საქართველოს!
1. პირველი ინიციატივა – საქართველო ახლოსაა: დაიწყოს ბევრად უფრო მაშტაბური და მიზნობრივი კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც საქართველო მაღალი ცნობადობა აქვს.
საჭიროა პირდაპირი ყოველდღიური ავია-რეისების ორგანიზება ამ ქვეყნებში არსებული დიდი ქალაქებიდან მაგალითად – ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, გდანსკი, კრაკოვი , ვროცლავი, პოზნანი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ.მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული ავიაკომპანიები
2. მეორე ინიციატივა – ესტუმრე საქართველოს: მსოფლიოს ცნობილმა პიროვნებებმა, ქართველებმა თუ უცხოელებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა, ხელოვანებმა, ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, სომელიეებმა უნდა განათავსონ და გაავრცელონ საქართველოს მხარდაჭერის ვიდეო სათაურით – ესტუმრე საქართველოს!
ყველა ვინც ჩაერთვება კამპანიაში, მიიღებს საქართველოს საპატიო ელჩის სტატუსს
3. მესამე ინიციატივა – გაიცანი საქართველო და დააგემოვნე ქართული ღვინო: საქართველოში ჩამოსული თითოეული ვიზიტორი უნდა დასაჩუქრდეს წიგნით – საქართველოს ისტორიის შესახებ. წიგნში უნდა იდოს სტუმრის ბარათი, რისი მეშვეობითაც მისი მფლობელი უფასოდ შეძლებს ნებისმიერი მუზეუმის მონახულებას, გაეცნობა საქართველოს უნიკალურ ისტორიას და კულტურას.
ასევე ბარათის მფლობელს ნებისმიერ რესტორანსა და სასტუმროში მიართმევენ ერთ ბოთლ ღვინოს უფასოდ.
4. მეოთხე ინიციატივა – მხარდაჭერა ქართულ რეგიონებს: სახელმწიფოს მიერ გაცემული სტუმრის ბარათით, ვიზიტორებს ექნებათ საშუალება გაათენონ ერთი ღამე მცირე სასტუმროებში ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, (არა დიდ ქალაქებში) რასაკვირველია, უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით.
5. ინიციატივა – საქართველო ღვინის სამშობლო: უკვე წელს, თბილისობის დღესასწაული გარდავქმნათ ყოველწლიურ მსოფლიო ღვინის ფესტივალად. საელჩოებს უნდა დაევალოთ მოიწვიონ შესაბამისი ქვეყნის ლიდერები და მათ ქვეყნებში არსებული დიდი სავაჭრო ქსელების მენეჯერები და მეპატრონენი, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ლარის კურსი მომენტალურად დაიწყებს გამყარებას, რადგან ნეგატიური ეკონომიკური მოლოდინები შეიცვლება პოზიტიურით.
“მოვიზიდავთ დამატებით ასობით ათას ტურისტს და შევძლებთ ღვინისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას; და რაც მთავარია, მტერი ჩვენზე ზემოქმედებას ვეღარ შეძლებს!”- ნათქვამია განცხადებაში