სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას მოხდა.
ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანი კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ამ დროისთვის კიდევ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სამუშაოები გრძელდება.
შენობის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კორპუსი 1987 წელს აშენდა და თავდაპირველად ოთხსართულიანი იყო, მოგვიანებით კი მას დამატებით სამი სართული დააშენეს.
შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი მოკვლევა.