თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელმის დღევანდელ ბრძანებას სამხედრო სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ პოლიტიკოსები აფასებენ:
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს. ეს გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს.
თინა ხიდაშელი საქართველოს დამატებით საფრთხეს უქმნის, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა გუნდმა ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. – ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.
”თინა ხიდაშელი მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს. ვინც მას ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებებს? '' – აცხადებს იგი – ხიდშელი ამბობს, რომ ამერიკა გვეხმარება. მე მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება? – ორი ტანკით და სასულე ორკესტრით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას აზრით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება “საარჩევნო სვლა“ იყო. მინისტრის მხრიდან “თვითმოქმედებას ჰქონდა ადგილი, “ასეთი გადაწყვეტილება ასეთი თვითმოქმედებით თავდაცვის მინისტრმა არ უნდა მიიღოს. რამდენადაც ვიცი, ეს არ იყოს შეთანხმებული არც პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, არც პრემიერთან და არც პრეზიდენტთან. ასეთი გადაწყვეტილება მთლიანად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, მას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რადგან არ არის სახუმარო საქმე. არ მგონია, რომ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილება სასიკეთო იყოს, თუმცა არც ტრაგედია არ არის, რადგან შემდეგ თავდაცვის მინისტრს შეუძლია აღნიშნული ბრძანება გაუუქმოს“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, ,, ამ გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია ნებისმიერ შემდგომ მინისტრს. შესაბამისად საქმე გვაქვს არა რაიმე ძირეულ ცვლილებასთან, არამედ საკმაოდ იაფფასიან პოპულიზმთან, რომელსაც ქალბატონი თინა მისდევს. “
"რეფორმა ბოლომდე განხორციელებულად ვერ ჩაითვლება თუ ამას არ მოჰყვება ადეკვატური საკანონმდებლო ცვლილება და ამ საკანონმდებლო ცვლილებებს არ მივიღებთ კანონის დონეზე. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც მიიღო თავდაცვის მინისტრმა, მაგრამ ამის გამყარება აუცილებელია კანონით" – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა.
ახალი პოლიტიკური ცენტრში ,,გირჩი'' კი განმარტავენ, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გაწვეულების 25%-ს და არ ეხება დანარჩენ 75%-ს, რომლებიც ნაწილდებიან თავდაცვის სამინსიტროს გარდა, სხვა 2 სამინისტროში. ისინიც თვლიან, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო სამხედრო სამსახური თავიდან ბოლომდე გაუქმდება, მხოლოდ კანონის დონეზე უნდა იქნას მიღებული.