მთავარისიახლეებისაზოგადოებანაკიფუს მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური გზის პიკეტირება შეწყვიტა

ნაკიფუს მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური გზის პიკეტირება შეწყვიტა

Published on

წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.  სოფელ ნაკიფუს მცხოვრებლებმა ქალაქში  შესასვლელის პიკეტირება შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მათთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახმარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელები მივიდნენ და სოფლის გზის მშენებლობის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას დაპირდნენ. 

ამ წუთებში გზა გახსნილია, თუმცა, აქცია ამ დრომდე გრძელდება, იქვე იმყოფებიან  სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.   აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა  სოფელ ნაკიფუს  გზის გაკეთება. მათი თქმით, წლებია გზის სავალი ნაწილი გაფუჭებულია და, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად,  მის შეკეთებაზე არავინ ფიქრობს.

მოვლენები დღის განმავლობაში ასე ვითარდებოდა:  აქციის მონაწილეები  გზის გადაკეტვამდე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლება  უმოქმედობაში დაადანაშაულეს. შეკრებილებთან  საკითხის გარკვევა  გამგებლის მოადგილემ გიორგი ლუკავამ სცადა, მისი განცხადებით, წლების წინ ეს გზა უხარისხოდ დაიგო და მწყობრიდან მალე გამოვიდა. ამ დროისათვის მომზადებულია და  რეგიონული განვითარების სამინისტროში გადაგზავნილია შესაბამისი პროექტი, რომლის განხორციელება სამინისტროდან პასუხის მიღებისთანავე დაიწყება. თუმცა მიღებულმა განმარტებამ  ვერ დააკმაყოფილა მოსახლეობა ვერ დააკმაყოფილა, რადგან  კონკრეტული ვადების ნაცვლად ამ განცხადებაში დროის გაჭიანურებისა და ფუჭი მოლოდინები შექმნის მცდელობა დაინახა,   სიტუაცია  სიტყვიერ   დაუპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ მოსახლეობამ  ქალაქის შესასვლელის პიკეტირების გადაწყვეტილება მიიღო.

 წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას მცირე ინციდენტი მოყვა –   შეკრებილები შეუფერხებლად ატარებდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას და აგრეთვე კერძო ავტომობილებს, რომელთაც ავადმყოფები გადაჰყავდათ, მაგრამ უკიდურესი უკმაყოფილება გამოთქვეს სხვა მგზავრებმა, რომელნიც აქციის გამო ზუგდიდში გამგზავრებას ვერ ახერხებდნენ.  ერთ-ერთ მათგანს დაპირისპირების დროს მანქანის შუშაც ჩაემსხვრა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ვითარება განმუხტა, მაგრამ გზის გახსნა მანამ ვერ მოხერხდა, სანამ  მათთან შესახვედრად სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ჩავიდნენ.

ამ წუთებში გვატყობინებენ, რომ  აქციაც დაიშალა, მაგრამ ინციდენტის გარეშე არც სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ჩაუვლია –   ადგილზე ჩასულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში რეგიონული პროექტების კოორდინატორმა  დათო კოდუამ აქციის მონაწილეებს აჩვენა პროექტები , რომლის მიხედვითაც, ნაკიფუს გზის რეკონსტრუქცია დიდი ხანია ჩასმულია განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალში . მისი თქმით, პროექტის მომზადებაში 30 ათასი ლარია  დახარჯული.  გზის მშენებლობა 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი და რეგიონული განვითარების სამინისტროდან ყოველ დღე ელოდებიან პასუხს  თანხების გადარიცხვის შესახებ.  აქციის მონაწილეებმა საპასუხოდ აღნიშნეს, რომ მსგავსი დაპირებები დიდი ხანია ესმით, თუმცა გზა შეუკეთებელი რჩება. შეკრებილთა მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას დათო კოდუას და აქციის მონაწილეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა. 

,,ეს არის სოციალური პრობლემა და გვესმის ამ ხალხის პროტესტის მიზეზი.  ჩვენ ორიენტირებული ვართ, მათი პრობლემები რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. ველოდებით დაფინანსებას და თუ მოხერხდა, შესაძლოა, მშენებლობის პროცესი იანვრამდეც დაჩქარდეს“, – განაცხადა  დავით კოდუამ

 

სიახლეები

დაკავებულია სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს...

მდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

მამუკა მდინარაძის კომენტარმა ნათლად დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას....

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი...

ლევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა ლაშა ცანავამ...