მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოტანიკური ბაღი: ტერიტორია გავცვალეთ, რაც ჩვენთვის მომგებიანი და სასარგებლოა

ბოტანიკური ბაღი: ტერიტორია გავცვალეთ, რაც ჩვენთვის მომგებიანი და სასარგებლოა

Published on

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისთვის ტერიტორიის გადაცემასთანდაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, მოხდა საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თაბორის მთის ტერიტორიაში გაცვალეს. მათი შეფასებით, გაცვლა ბოტანიკური ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და სასარგებლოა.

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დადებითად და ბაღისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაღის ტერიტორიის საერთო ფართობის უცვლელად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.

ფართის კორექტირებით, ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე – ტერიტორია თაბორის მთაზე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშირდება "კრწანისი-შინდისის" ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფართის კორექტირებით ბოტანიკურმა ბაღმა შემოიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისათვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ განხორციელებას.

ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საკითხის შეუსწავლელად, ზედაპირული ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გამოიტანენ დასკვნებს, რადგან ამ საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით და თემის ხელოვნური აქტუალიზაციით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა.

ნებისმიერ მხარეს განცხადების გაკეთებამდე ჩვენთვის რომ მოემართა, ავუხსნიდით, რომ ბოტანიკური ბაღისთვის ეს გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა, რაც ტერიტორიების უბრალო დათვალიერებითაც კი ნათელად ჩანს.

მივმართავთ ყველა მოქალაქეს, თბილისის მოსახლეობას, ვისთვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი სულერთი არ არის – წინასწარი დასკვნების გამოტანამდე ეწვიეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, საკუთარი თვალით იხილეთ გაცვლილი ტერიტორიები და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ტერიტორიების გაცვლა ბოტანიკური ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და ძალიან სასარგებლოა", – აცხადებს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნესცენტრის ტერიტორიას თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც მიუერთა. ენმ-ის წევრი ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ტერიტორიის ახალი მესაკუთრე არის შპს ფინსერვის xxi. სწორედ ამ შპს-ზეა რეგისტრირებული ბიზნესცენტრი.

"გარდა ამისა, შარშან წლის ბოლოს, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში მოიჭრა 540 ხე და გაზსადენის მილის გადატანაში მერიამ 700 000 ლარი დახარჯა. აქ თითქოს არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა აფიორა. დღეის მდგომარეობით, ამ ტერიტორიაზე (29 ჰექტარი) ახალი გზა აღარ გავა. 22 აპრილს მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 8 დღეში დასრულდება (3 მაისი) და აუქციონზე გაიყიდება სწორედ ის ტერიტორია, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა გაშენებულიყო – ვინ იქნება მყიდველი, ადვილად პროგნოზირებადია. ეს 29 ჰექტარიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარეობს და პრაქტიკულად ესაზღვრება ბოტანიკური ბაღისთვის წართმეულ იმ 4 ჰექტარს", – აცხადებს ნიკა მელია და აღნიშნავს, რომ "იმას, რასაც დავით ნარმანია აკეთებს, ბიძინასადმი მონური მორჩილებაც აღარ ჰქვია".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, ივანიშვილმა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია. ასევე, ორი დღის განმავლობაში, დავით ნარმანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება და გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილებები.

 

tabula.ge

სიახლეები

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე...

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...