მთავარისიახლეებითვალსაზრისისერიოზული საუბარი ოდესაზე: მოვეშვათ სისულელეებს მიხეილ სააკაშვილზე და საქმეზე დავფიქრდეთ

სერიოზული საუბარი ოდესაზე: მოვეშვათ სისულელეებს მიხეილ სააკაშვილზე და საქმეზე დავფიქრდეთ

Published on

 

სააკაშვილი დედა ტერეზაზე წმინდაც რომ იყოს, ტელეყუთი მაინც უპოვიდა წამოსაძახებელს, რაკი  ასეთია დავალება მოსკოვიდან, რომლისთვისაც სააკაშვილის დანიშვნა მაღალ პოსტზე  უკიდურესად  უსიამოვნო სიახლეა.

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმღვანელად მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის. თან იმ ზომამდე, რომ ბევრმა დღემდე ვერ გააცნობიერა და გაარკვია ოდესის მერია იგი თუ უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელი.. მის წინაშე გადაშლილია უზარმაზარი სამუშაო ფრონტი, რომელშიც ოდესა მისი  საზრუნავის  მხოლოდ ერთი ნაწილია.

მოქალაქისთვის, რომელიც ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებიდან იღებს, უკიდურესად რთულია ჩასწვდეს ამ დანიშვნის არსს.  ტელევიზიას უეცრად და ერთბაშად გადაავიწყდა ,,ფაშისტ-ბენდერები’’ და ელვის უსწრაფესად გადაერთო მიხეილ სააკაშვილზე. მაყურებლის ამ პროპაგანდისტულ დაბომბვებში  შეილება გაიგო, რომ ,,გორილკანაყლაპმა სულელმა’’ პოროშენკომ   თავი მასხარად ააგდებინა მსოფლიოს იმით, რომ გუბერნატორად  დანიშნა ბოროტმოქმედი სააკაშვილი, რომელმაც ყველაფერი ჩააფლავა საქართველოში და  ძებნილია სისხლიანი დანაშაულებისთვის.  თავად სააკაშვილი ერთი მშიშარა ტაკიმასხარაა და სხვა არაფერი. მასხარა იმიტომ, რომ ჰალსტუხს ღეჭდა, მშიშარა იმიტომ, რომ მიწაზე განერთხო და დაცვას ამოეფარა, როცა  ქუჩაში რაღაც სროლები გაისმა.

ეს ყველაფერი რომ ისე მარტივად იყოს, როგორც  ამას რუსული ტელეპროპაგანდა აღწერს, არ ატყდებოდა ასეთი ისტერია და სასურველის სინამდვილედ წარმოჩენისთვის ფორიაქი. არადა ამ ამბებში  ყველაფერი დამახინჯებულია.

დიახ, სააკაშვილმა ნამდვლად დაღეჭა ჰალსტუხი, მაგრამ ეს იყო სტუდიაში, სანამ გამანათებელ მოწყობილობას გამართავდნენ, ამიტომ  რა პრეტენზია შეიძლება აქ  გვქონდეს. გადაცემისთვის, ჩართვისთვის ყველა თავისებურად ემზადება – ერთი განახათ, რა სისულელეებს აკეთებენ ინტერვიუს წინ ჩვენი ჩინოვნიკები, თუმცა მათი ვიდეოები ინტერნეტში არავის გამოუფენია.   ჯერჯერობით. ხოლო მიწაზე დაცემა და დაცვას ამოფარება – ეს, მაპატიეთ, უკვე პრეზიდენტის დაცვის პირდაპირი მოვალეობაა, ეს ჩვენ ნებისმიერ დასავლურ დეტექტივში გვინახავს.  დიახ, პრეზიდენტის დაცვა უბრალოდ მოვალეა წააქციოს პრეზიდენტი და სხეულით გადაეფაროს მას კრიტიკულ სიტუაციაში.

მაგრამ ვიმეორებ,  სააკაშვილი დედა ტერეზაზე უმწიკვლოც რომ იყოს, ტელეყუთი მაინც უპოვიდა რამე სააუგოს, თუკი ასეთი დავალება არსებობს. დავალება კი მართლაც  მიღებულია და თან სასწრაფოც, რადგან სააკაშვილი უკრაინაში და ისიც მაღალ პოსტზე მოსკოვისათვის მიუღებელია და, პირდაპირ ვიტყვი, საშიშიც კი. რატომ? იმიტომ, რომ მისი დანიშვნა ამსხვრევს უამრავ მითს და, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ მითებს, რომლებსაც ეყრდნობა რუსეთი. ასეთია მაგალითად მითი, რომლის თანახმად, რუსეთი მხოლოდ რუსებმა,  ,,ჩვენებმა“ შეიძლება მართონ.

არადა ირკვევა, რომ ეს არ არის ასე. რომ ეს მაფიოზური პრინციპი შეიძლება უკუვაგდოთ და მაღალ სამინისტრო პოსტებზე უცხოელები მოვიწვიოთ. და მართლაც, თუკი ხედავ, რომ უცხოელს გამოუვიდა რეფორმები, რომლებიც ასე გჭირდება, რატომ არ უნდა მოიწვიო იგი?

პოროშენკო სწორედ ამ გზით წავიდა. თავდაპირველად იყო საშიშროება, რომ ამის გამო კიევის ელიტა აუჯანყდებოდა, მაგრამ არაფერი ამდგვარი არ მომხდარა – ბალტიისპირელები და ქართველები უკრაინის ხელმძღვანელობაში კეთილგანწყობით აღიქმებიან. უცხოელებს უკრაინაში არა ჰყავთ ,,საკუთარი ხალხი“, ისინი არ არიან ჩართული კორუფციულ სქემებში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ხალხი კონტრაქტით მუშაობს, მათზე ზეწოლას აზრი არა აქვს – პრეზიდენტთან თუ პრემიერთან ნებისმიერი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ხმამაღლა განაცხადონ, რომ ასე მუშაობას ვერ შეძლებენ და დატოვონ თავიანთი ადგილები, რომელთაც სხვა, ნებისმიერი ადგილობრივი პირი მათ ადგილზე მთელი ძალით ჩაებღაუჭებოდა. სხვათა შორის, ერთი – ორი კაცი უკვე მოიქცა ასე, მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულა. 

მეორე მითი: სააკაშვილი ,,ჩამოგდებული მფრინავია“

არაფერიც, უკრაინამ მასში დაინახა  ნიჭიერი მენეჯერი, რომელსაც მხარს უმაგრებს წარმატებული ქართული რეფორმების წლები.  ასეთი განსხვავებული ხედვების ახსნა არ არის ძნელი: მოსკოვს სჭირდება გარიყული სააკაშვილი, რომ არაფერმა მოაგონოს ,,ვარდების რევოლუცია“, კიევს კი სჭირდება გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც ძალუძს  სული შთაბეროს ისეთ რთულ რეგიონს, როგორიცაა ოდესის ოლქი.
ამრიგად, რა  ხვდება სააკაშვილს ახალ ადგილზე?
არაფერი გასახარი.  
ოდესის ახლანდელი მდგომარეობა უცნაურია. ქალაქი თითქოს გაყინულია წარსულსა და მომავალს შორის.იმისათვის, რომ სამრეწველო ცენტრად იქცეს – მრეწველობა არ ყოფნის, ისიც, რაც აქვს, ძლივს სუნთქავს. კურორტად ქცევისთვის არ ყოფნის საკურორტო ინფრასტრუქტურა, ტურისტული ცენტრი ვერ იქნება, რადგან აქ არც ისეთი ატრაქციონებია,  რომ აქაურობას მათი ხათრით მოაწყდეს ასეულ ათასობით ტურისტი. მაგრამ მოვიგონოთ: სააკაშვილს უკვე ჰქონდა საქმე ასეთ ქალაქთან, მას ბათუმი ჰქვია. და მან, ვინც იქ ნამყოფია,   იცის,  როგორი იყო და რად იქცა ეს ქალაქი. ვინც ბათუმში არ ყოფილა, შეუძლია ნახოს ფოტოები. ამრიგად, სააკაშვილმა იცის, როგორ გააკეთოს თითის ჩასაკვნეტი კამფეტი ზღვისპირა ქალაქისგან.  და ოლქისგანაც. და მას ეს გამოუვა, თუკი…

აი ახლა კი,  სევდიან ამბებზეც გადავიდეთ – საშიშროებებზე და წინაღმდეგობებზე. ეს კი ბლომად იქნება.

ჯერ ერთი, სააკაშვილს იქ თავისი ჩვეული გუნდი არ ეყოლება. იგი მასობრივად ვერ მიიწვევს თავის თანამებრძოლებს, რადგან  ადგილობრივებმა შეიძლება ერთბაშად ვერ გაიგონ,   რატომ უნდა მართონ ოლქი ქართველებმა. ანუ მან უმოკლეს დროში უნდა მოიძიოს ინიციატივიანი ადგილობრივი კადრები.

მეორე – საიდუმლო არ არის, რომ აქამდე ქალაქი ფაქტობრივად ოლიგარქ კოლომოისკის ხელში იყო და იგი თავისი კაცის, თავისი დანიშნული მერის ხელით მართავდა ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია. ასე რო, კოლომოისკის სახით სააკაშვილი იძენს რეალურ მტერს, რომელიც მის წინააღმდეგ იმოქმედებს ძველი ოდესური ელიტის მეშვეობით. ოლიგარქმა უკვე განაცხადა, რომ ,,სააკაშვილი ოდესას რუსეთს ჩააბარებს“ , ეს ფრიად უცნაური ფრაზა მის უკიდურეს გაღიზიანებას მოწმობს. 

მესამე – ოდესა და ოდესის ოლქი  ყველაზე ნაკლებად რეფორმირებული რეგიონია მთელ უკრაინაში. ყველაფერი თითქოს ბურანშია ჩარჩენილი: პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქ, ადგილობრივ ხელისუფლებაში არ მოსულან რეფორმებისთვის განწყობილი  ახალი ადამიანები,  ყველაფერი ისეა, როგორც იანუკოვიჩის დროს იყო. უფრო მეტიც, ყველა არსებული კლანი, ჩვეული აფერისტები, ნაცნობი რეიდერები და კლასიკური ბანდიტები – თითქოს ბაბელის დროიდან შემორჩენილა. ოღონდ მათ  ახლა სხვა, უფრო სასიამოვნო  ამოცანები აქვთ – ოდესის პორტში ფული ფრიალებს, ოდესის ყუათიან საბაჟოს ასევია,,ხოჭოები“, რომელნიც მრავალი ათეული წელია კორუფციით საზრდოობენ. ამაში არც არაფერია საკვირველი – ოდესა მარგალიტიდან როგორღაც შეუმჩნევლად გადაიქცა უფერულ პროვინციულ ქალაქად, რაც ხელს არ აძლევს მის მკვიდრთ, მაგრამ სავსებით აწყობს ადგილობრივ მაფიას – რაც მეტია სიწყნარე, მით უკეთესი – მისთვის.

ამრიგად, სააკაშვილს ყველაფრის მსხვრევა მოუწევს, რაც რიგით მესამე საფრთხეა და სულ მალე მალევე იჩენს თავს.

ვფიქრობ, სააკაშვილის მტრები მიჰყვებიან ჩვეულ სცენარს – პროტესტის დემონსტრაციას ნებისმიერი საბაბით, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენოს. აი, მაშინ კი შესაძლებელი იქნება სააკაშვილი წარმოაჩინონ უცხო თესლად, რომელიც უკრაინის ხალხის ამოგდებას ცდილობს, რაც, რასაკვირველია, ძალიან  მოეწონებამოსკოვს. პარალელურად პოროშენკოსკენ დაიძვრებიან მთხოვნელები ჩამოაშოროს ოდესას ეს უცხო. ეყოფა სააკაშვილს მოთმინება, შემოიკრიბოს ახალი ელიტა  და მასტან ერთად დაუპირისპირდეს  ადგილობრივ მაფიას? პასუხი ჯერ არ არის. ამას დრო გვიჩვენებს. .

კიდევ ერთი პრობლემა გვარად იაცენიუკია. უკვე გაისმის ხმები, რომ ოდესა სააკაშვილისთვის ტრამპლინია და აქედან იგი პრემიერმინისტრობას უმიზნებს. საკითხავია, როგორ აეწყობა მისი ურთიერთობები ამჟამინდელ  გავლენიან პრემიერთან? ყველას ესმის, რომ სააკაშვილმა მიიღო უფართოესი, აქამდე არნახული უფლებამოსილებები, მაგრამ რამდენად მოსწონს ეს იაცენიუკს?

მომავალი გვიჩვენებს აგრეთვე მთავარსაც: რამდენად მყარი იქნება პოროშენკოს მხარდაჭერა სააკაშვილისადმი.  მაგრამ აქ, როგორც ჩანს მხარდაჭერა განსაკუთრებული იქნება, რადგან პოროშენკო იმედოვნებს სააკაშვილის მეშვეობით  გადაჭრას მინიმუმ სამი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ამოცანა.

პირველი ლამაზია და ეფექტური. უკრაინაში გაჩნდება ,,ქვეყნის ვიტრინა“ – ევროპული ნიმუშით რეფორმირებული რეგიონი. ეს უბრალოდ  ლამაზი ქალაქი კი არ იქნება,  არამედ მთელი ოლქი თავისი პორტებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით და გამჭვირვალე უმსხვილესი საბაჟოთი. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ეს იქნება მოდელი, რომელზეც აეწყობა მთელი უკრაინა.

მეორე ამოცანა – ზეწოლის ბერკეტია. ყველამ როდი შეამჩნია, რომ უკრაინამ, რომელიც აღშფოთებულია  გაუთავებელი სროლებით სეპარატისტების მიერ დაკავებული დონეცკისა და ლუგანსკის  ტერიტორიებიდან, აკრძალა და შეუძლებელი გახადა რუსული ჯარების ტრანზიტი დნესტრისპირეთში და პირიქით.  შედეგად, ამბოხებული დნესტრისპირეთი მთლიანად ბლოკირებული აღმოჩნდა უკრაინასა და მოლდოვას შორის.  და აქ სააკაშვილი უდავოდ შეძლებს შექმნას ძალა,  რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ბლოკადას. მას ეს რუსეთის სიყვარულს  ვერ მოუტანს, მაგრამ იგი  ამაზე წუხილით თავს არ აიტკივებს.

და აი, მესამე ამოცანა, რომელსაც პოროშენკო, როგორც ჩანს,  უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთი სავიტრინო რეგიონის შექმნით იგი თამამად განუცხადებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს: ,,თქვენ უკრაინის დეცენტრალიზაცია გსურდათ? აი, ინებეთ!“ . ანუ იგი ახლანდელ დნეპრისპირეთისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, სადაც იარაღით დათარეშობენ და ისვრიან, შედარებისთვის დაუპირისპირებს სრულიად დამოუკიდებელ, წარმატებულ რუსულენოვან ოდესას. და ეს ასეც იქნება, რადგან დეცენტრალიზაცია დამოკიდებულია არა კონსტიტუციის შეცვლაზე, არამედ ქვეყნის მეთაურის ნდობაზე რეგიონის ხელმძღვანელის მიმართ. ხოლო თუ რეგიონს სათავეში ჩაუდგება რეფორმატორი, რომელიც ასეთ ნდობას იმსახურებს,  დეცენტრალიზაცია უნიტარული სახელმწიფოს  ფარგლებში უფრო  წარმატებული აღმოჩნდება

ამრიგად, სააკაშვილი  ახალ სამუშაოს შეუდგა.  ამის მიმართ  შეიძლება სრულიად სხვადასხვა დამოკიდებულება  გქონდეს. შეიძლება ამ დანიშვნას დიმიტრი მედვედევივით დაცინვით უწოდო ,,შაპიტო’’. შეიძლება მოიქცე სხვაგვარადაც – კეთილგანწყობით ადევნო თვალი, როგორ სხვაფერდება პოსტსაბჭოთა სივრცის მორიგი რეგიონი. ეს მეორე პოზიცია მე უფრო კონსტრუქტიულად მესახება.

გამოუვა ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს?

პასუხი ადრეა. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა ამ მოულოდნელ დანიშვნაში გიგანტური ამოცანის გადაჭრის ჟინი გამოსჭვივის – დაამარცხოს კორუფცია ერთერთ ურთულეს რეგიონში და ააშენოს ,,შავი ზღვისპირეთის დედაქალაქი’’ –  ასე განსაზღვრა თავისი ამოცანა სააკაშვილმა.

და ვინ იტყვის, რომ ოდესა – დედა ამის ღირსი არ არის!

 

მატვეი განაპოლსკი

«Московский комсомолец» (რუსეთი), 4 ივნისი, 2015 წელი

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...