მთავარისიახლეებიუკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

Published on

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის “ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის” (AntAC) საჩივრის საფუძველზე ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას, სავარაუდო კორუფციაში მონაწილეობის ფაქტზე საქმის აღძვრა დაავალა.

დამოუკიდებელმა საზედამხედველო ორგანიზაცია AntAC-მა კოვალსკის საჩივრით ოქტომბერში მიმართა და პარლამენტში ხმების მოსყიდვაში არახამიას შესაძლო მონაწილეობის გამოძიება მოსთხოვა.

საჩივარში მითითებული იყო იმ დეპუტატთა საქმე, რომლებმაც, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ცნობით, ხმის მიცემის სანაცვლოდ შესაძლოა ქრთამი აიღეს.

დეკემბრის ბოლოს აღნიშნულ საქმეზე ბრალი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ხუთ დეპუტატს წარუდგინეს, მათ შორის, იურიი კისელს – საპარლამენტო სატრანსპორტო კომიტეტის ხელმძღვანელსა და არახამიას ერთ-ერთ მოადგილეს.

Kyiv Independent სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობებს, რომ იმ პერიოდში ჩხრეკა არახამიას თანაშემწის საცხოვრებელ და სამუშაო ფართებშიც ჩატარდა.

წყაროს ცნობით, გამოძიებამ შესაძლოა პარლამენტის კიდევ უფრო მეტი წევრი მოიცვას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატი უკვე დაკითხეს.

Kyiv Independent-ის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს AntAC-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ საჩივრის რეგისტრაციაზე უარი თქვა, რაგდან მასში აღწერილი გარემოებები უკვე სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იძიებოდა.

AntAC-ის იურისტმა ტატიანა შევჩუკმა Kyiv Independent-ს განუმარტა, რომ NABU-ს მიერ არახამიას მიმართ გამოძიების დასაწყებად გენერალური პროკურორის თანხმობა იყო აუცილებელი, რადგან “უკრაინის კანონმდებლობით, პარლამენტის წევრთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის რეგისტრაციის ექსკლუზიური უფლებამოსილება გენერალურ პროკურორს ენიჭება”.

შევჩუკის თქმით, AntAC “არავითარ შემთხვევაში არ აცხადებს არახამიას დამნაშავედ” და დაამატა, რომ კანონის თანახმად, საზედამხედველო ორგანიზაციის საჩივარი სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა.

AntAC-ის განცხადებით, 4 ნოემბრის განჩინება კოვალსკის ბრალდებების რეგისტრაციას ავალდებულებს, რაც არახამიას მიმართ წინასასამართლო გამოძიების დაწყების პროცედურულ დაბრკოლებას ხსნის.

შევჩუკმა დაამატა, რომ თუ კოვალსკი გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, AntAC შემდგომ ზომებს მიმართავს, მათ შორის, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

საზედამხედველო ორგანიზაციის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი თებერვალშიც განაცხადა, როდესაც საჩივარი სხვა ანტიკორუფციულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, Mezha-მ შეიტანა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას რუსლან კრავჩენკო იკავებდა, რომელმაც სექტემბერში, კორუფციული სკანდალის ფონზე, უკრაინა დატოვა.

გადადგომამდე, 7 სექტემბერს, კრავჩენკო ზელენსკისა და არახამიას შეხვდა. გამოცემა Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, არახამია კრავჩენკოს გადადგომის საწინააღმდეგო ლობირებას ეწეოდა.

ნოემბრის დასაწყისში კოვალსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არახამიას პირადად არასდროს შეხვედრია.

ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე არახამიამ Kyiv Independent-ს უპასუხა, რომ “ამ საკითხში ჩასაღრმავებლად დრო არ ჰქონია”.

“მე არაფერში ვარ ჩართული, რაც ომის დეესკალაციის შესაძლებლობას ან ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელი კანონპროექტების მიღებას არ უკავშირდება”. – განუცხადა არახამიამ Kyiv Independent-ს.

სიახლეები

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...