„ეს არჩევნები, როგორც ჩანს, პროცესის თვალსაზრისით, უკან დახევაა,“- ასე შეაფასა აშშ-ს ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკების საკითხებში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მომზადებულ ეუთოს კრიტიკულ დასკვნასა და ამ დასკვნაში მოყვანილ ფაქტებთან სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კურტ ვოლკერს „კურიერი“ ესაუბრა.
ვოლკერი საქართველოში მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს. დიპლომატი ამბობს, რომ საქართველომ უნდა გამოასწოროს ის სერიოზული პრობლემები, რომლებიც ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნაში მოხვდა.
„პირველ რიგში, ვულოცავ ქალბატონ ზურაბიშვილს. ის არჩეული პრეზიდენტია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი მის გარშემო გაერთიანდეს. დემოკრატიულ პროცესში მას ცხადად ჰქონდა ხმები. როგორც ითქვა, ბევრი პრობლემა იყო საარჩევნო კამპანიაში, როგორც ჩანს, ეს იყო ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კამპანიის დაფინანსება. ეს ყველაფერი ეუთოს ანგარიშშია დასაბუთებული. სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი. ახლა მნიშვნელოვანია, ქართველები ერთად დადგნენ და აღმოფხვრან ხარვეზები, რომ მომავალში არ განმეორდეს. განსაკუთრებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. შემდეგი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიით აირჩევა, პარლამენტს კი ხალხი აირჩევს. ამგვარი დარღვევები უნდა გამოსწორდეს მომდევნო არჩევნებამდე,“- განაცხადა კურტ ვოლკერმა.
კითხვაზე – რამდენად შეიძლება დააზიანოს ეუთოს დასკვნაში აღწერილმა დარღვევებმა საქართველოს რეპუტაცია და მისი სწრაფვა, ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ, ვოლკერი ამბობს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში ეს არჩევნები უკან დახევა იყო და ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა ამ დარღვევების გამოსწორებას.
„ეს იმედგაცრუებაა. ვიტყოდი, ასევე, პრობლემები საქართველოში ზოგიერთი წინა არჩევნების დროსაც იყო. 2012 წლის არჩევნები საკმაოდ კარგი იყო, თუმცა მის წინა ასევე ჰქონდა პრობლემები. არსებობდა იმედი საქართველოს ტრაექტორიის შესახებ, რომ გაგრძელდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავება და გაძლიერება. თუმცა პროგრესი სწორხაზოვნად არასოდეს მიდის. ეს არჩევნები, როგორც ჩანს, პროცესის თვალსაზრისით უკან დახევაა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველომ ეს დრო გამოიყენოს. გაითვალისწინოს ეს ყველაფერი – ეუთოს ანგარიში, რეაქციები საზღვარგარეთიდან და აღმოფხვრას ეს, რომ მომავალში ისევ უკეთესი იყოს,“- განაცხადა კურტ ვოლკერმა.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც კურტ ვოლკერს „კურიერი“ ესაუბრა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებები იყო. ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია რუსეთს დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაწყებული.
„ომის დაწყებამდე წლებით ადრე მთავრობაში ვმუშაობდი. ომის დროს კი ელჩი გახლდით ნატოში. ძალიან მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ იმ კონკრეტულ პერიოდს. ვიდრე სროლები დაიწყებოდა. რადგან რუსეთმა 2 წელი მოანდომა საქართველოზე სხვადასხვა გზით ზეწოლას. დაბომბა რადარი საქართველოს ტერიტორიაზე, გაზარდა მისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა სამშვიდობოების სახელით, შეცვალა ამ ძალების ხარისხი, განათავსა საინჟინრო ძალები ხიდების ასაშენებლად, რათა გაეძლოთ ტანკების სიმძიმისთვის, აგდებდა ქართულ დრონებს, აკრძალა ღვინო და მინერალური წყალი, გამოაძევა ქართველები რუსეთიდან. ეს იყო საყურადღებო აგრესიული ქმედებები რუსეთის მხრიდან, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს დღეები. არ მგონია, ნათელი სურათი იყოს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ გაისროლა და როდის. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, ვინ გაისროლა პირველად, ან საითკენ ისროდა, არამედ ვინ ისროდა საქართველოს ტერიტორიის შიგნით, თუ არა რუსეთი ან მის სხვა მხარდაჭერილი სეპარატისტები? ვფიქრობ, არასწორია საკითხი დავსვათ ასე – ვინ გაისროლა პირველმა. კამპანიის მიმდინარეობის დროს ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მისი პირველი განცხადება არ მიიღო ქართველმა ხალხმა და ცდილობდა საკუთარი სიტყვები საქართველოში არსებულ საყოველთაო აღქმასთან შესაბამისობაში მოეყვანა,“- განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ავტორი: დავით ნიკურაძე