მთავარისიახლეებიკულტურანიკა ლაშხია წინანდლის პრემიის ნომინანტია

ნიკა ლაშხია წინანდლის პრემიის ნომინანტია

Published on

ზურაბ ჟვანიას სახელობის "წინანდლის პრემიის" დარგობრივმა კომისიებმა თითოეულ დარგში გამოავლინეს 2018 წლის „წინანდლის პრემიის“ 3-3 ნომინანტი, 
 
მხატვრული ლიტერატურის პოეზიის დარგში გამოვლენილ ნომინანტთა შორისაა პოეტი ნიკა ლაშხია, რომელიც პრემიაზე  წარდგენილია პოეტური კრებულით  ,,დონორი''  (გამომცებლობა ინტელექტი 2018 წ.)
 
გთავაზობთ გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობას ამ კრებულისადმი 
 
,,დონორი პოეზიის ახალი სისხლისათვის…
 
ხანდახან მგონია, რომ რაც დრო გავა, მით უფრო გაჭირდება ლექსების წერა, რადგან თითქმის ყველაფერი დაწერილია და რაღამ უნდა შეარხიოს ადამიანის სული ან რა უნდა თქვას ადამიანმა ისეთი, რაც უკვე არ თქმულა და თანაც ძალზე ამომწურავად… 
 
ასეთ ფიქრს იშვიათად მიქარწყლებს ხოლმე რომელიმე ახალი ავტორის გამოჩენა და არათუ მიქარწყლებს, სრულიად საპირსპიროშიც მარწმუნებს: იმაში, რომ პოეზიის შესაძლებლობები ამოუწურავია და საჭირო დროს ის თვითონ ამოირჩევს თავის გამომხატველად ვინმეს, ვინც თავიდან მოგვეჩვენება, რომ სწორედ პოეზიის საწინააღმდეგო ზიგზაგით მოძრაობს, მაგრამ დაკვირვებულ თვალს ამ ზიგზაგებში არ უჭირს სიახლისა თუ პოეზიისათვის დამახასაითებელი სისწორის აღმოჩენა
ასეთი იშვიათი განცდა ბოლო დროს ნიკა ლაშხიას ლექსების კითხვისას დამეუფლა. ეს უნიჭიერესი კაცი, რომელიც დიდი ადამიანური თავმდაბლობითაც გამოირჩევა, თითქოს თვითონ პოეზიამვე აირჩია თავისი აქამდე უცხო და უცნაური ტერიტორიების აღმომჩენად. სასიამოვნოა იმაზე დაკვირვებაც, აქამდე დუმილის უვრცესი ტერიტორიის ნაწილი როგორ იქცევა გამორჩეული ხმით ათვისებულ სამფლობელოდ, თითქოს ველური უდაბნო მოიშინაურეს და რუდუნებით მოვლილ, ათასი მცენარითა და ბალახით დასახლებულ წალკოტად აქციესო. 
 
უპირველესი, რაც ნიკა ლაშხიას ლექსებში ძალიან მომწონს, არის ის, რომ იგი ჯიუტად ცდილობს, გათავისუფლდეს ზედმეტი სიტყვებისაგან. სათქმელი ისე გამომარგლოს, ისე მოაცილოს ყოველგვარი სარეველა, რომ ფრაზაში მხოლოდ აუცილებელი სიტყვები დარჩეს და ამით თითოეული სტრიქონი შორიდანვე გამოკვეთილ ყვავილებისა თუ მცენარეების კვლებს ან დამარმაშებული ვენახის შარებს დაამსგავსოს. 
 
აქედან მოდის ნიკა ლაშხიას სწრაფვაც მინიმალიზმისა და მისი პოეტური ფორმებისაკენ. ის ხშირად ახერხებს რამდენიმე ფრაზაში ჩაწნეხოს იმხელა განცდილი თუ ნაფიქრალი, რის ამოთქმასაც ზოგჯერ ბელეტრისტიკის ეპიკური ფორმებიც ვერ აუდის. 
განსაცდელს და საფიქრალს კი ჩვენი არეული ყოფა იმდენს გვთავაზობს, ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ეყოფა. ნიკა ლაშხიას პირველი პოეტური კრებული მარწმუნებს, რომ მისი სიცოცხლე პოეზიის სამსახურისათვის არის მოწოდებული. ის სრულიად თანამედროვე ენით, ხერხებითა და საშუალებებით ახმოვანებს მარადისობას. ამიტომაც ცხოვრობს აქ, მაგრამ იკვებება მარადისობით. 
 
ამიტომაც მგონია მისი კრებული – დონორი – ახალი სისხლი ქართული პოეზიისათვის…
 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...