ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების რეალურ სურვილს არ აჩვენებს.
ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში ჩამოთვლილია ახალი პაკეტის მთავარი მიმართულებები:
ტრანზაქციების აკრძალვა ვრცელდება კიდევ 60 რუსულ ბანკზე და ყველა მათგანი გაითიშება SWIFT-ის სისტემიდან. მკაცრდება კონტროლი კრიპტოპლატფორმებსა და მესამე ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან – ამისთვის იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი — Crypto Sanctions Task Force.
ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის – განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა, მართვა ან შეკეთება. პირველად აკრძალვა შეეხება ელექტროენერგიის სერვისებსაც. გარდა ამისა, სანქციები უწესდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 70-ზე მეტ გემს და ყველა იმ ტანკერს, რომელიც რუსეთშია დაზღვეული.
ევროპაში რუსი აგენტების გააქტიურებული დივერსიული ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ ომში მონაწილე ყოფილ რუს სამხედროებს, რადგან ისინი უსაფრთხოების რისკს წარმოადგენენ. ევროპელებს ეკრძალებათ რუსული კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავება.
ევროკავშირის ტერიტორიაზე გამართულ ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაზე რუსულ გუნდებსა და სპორტსმენებს ეკრძალებათ რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა და ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენება. ასევე იზღუდება რუსული სპონსორების ფინანსური ნაკადები და რუსეთის მოქალაქეების ხელმძღვანელ პოსტებზე ყოფნა ევროპულ სპორტულ ფედერაციებში. ბრიუსელში 22-ე პაკეტის საბოლოო დამტკიცებას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გეგმავენ.