უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების იერიშების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, მთავარსარდალმა მას უკრაინის გრძელვადიანი საპასუხო ქმედებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა შედეგებიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ჩანს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კიევის სრულიად ლეგიტიმური პასუხია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებსა და მოსკოვის მხრიდან დეესკალაციაზე უარის თქმის ფონზე.
„დღეს მიხაილო დრაპატიმ უკრაინის გრძელვადიანი სანქციების შესახებ მომახსენა. შედეგებს პრაქტიკულად ყოველდღე ვხედავთ. საერთო ჯამში, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი უკვე შევაჩერეთ. ეს არის ჩვენი სამართლიანი პასუხი რუსეთის უარზე დეესკალაციასთან დაკავშირებით და მის დარტყმებზე ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამავე გამოსვლაში უკრაინის ლიდერმა ფრონტის ხაზზე დრონების მაღალ ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება კიდევ უფრო გაიზრდება.
ზელენსკიმ რუსული არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გასულ თვეში მოწინააღმდეგემ დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 50 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების ამოცანაა, რომ რუსეთმა ნოემბერშიც ანალოგიურად მასშტაბური დანაკარგი განიცადოს.
„ოქტომბერში რუსეთის დანაკარგები დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 50 000-ზე მეტია. ანალოგიურად მაღალი მაჩვენებელი ნოემბერშიც უნდა დავინახოთ. ჩვენს ჯარებს შეუძლიათ ხაზის შენარჩუნება და ამისთვის მადლობელი ვარ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.