სამორინეებთან დაკავშირებული “ქართული ოცნების” ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს – როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას.
სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის მიღება შეაჩეროს.
როგორც დეკანოზმა განაცხადა, ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა სასულიერო პირის სიტყვებით, “საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება”.
დეკანოზის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა, შესაბამისად მამა ანდრიას განცხადებით, ფაქტი “საქართველოს საპატრიარქოსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა”.
„საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III , იმჟამად – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.
რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება. გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.