თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ადვოკატი, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10 000 ლარი – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს ამბობს, რომ ადვოკატი ბრალდებულის დას დაჰპირდა, რომ აღნიშნულ თანხას თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ.
საქმის მასალების თანახმად, გარდა ამისა, ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო.
ირკვევა, რომ მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა.
სამართალდამცველებმა ადვოკატი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.