რუსი ქალი, ალიონა ნესტერიუკი, რომელსაც კახეთში მდებარე სასტუმრო კომპლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს უარყოფს.
რუსეთის მოქალაქის ინტერვიუ, რუსეთში მცხოვრებმა მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა, სადაც ნესტერიუკი მომხდარის საკუთარ ვერსიას ჰყვება.
ქალი ადასტურებს, რომ შესაძლოა გარკვეულ “გაუგებრობასა და კამათს” ადგილი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებსა და ქართველ მექორწილეებს შორის.
მე საქართველოში უკვე მერვედ ვიმყოფები, მაგრამ აქამდე, არასდროს ასეთი რამ არ მომხდარა. მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ მოვახდინეთ პროვოცირება რაიმეთი იმის რაც მოხდა, არ გაგვიკეთებია ის ყველაფერი, რასაც ინტერნეტში წერენ.
დაქალის დაბადების დღეზე ვიყავით 5 გოგო. სხვა ადამიანები კი ქვემოთ ქორწილს ზეიმობდნენ. ჩვენ დავიწყეთ დაბადების დღის აღნიშვნა, გავხსენით შამპანური და ვიყავით აივანზე და იქიდან, ვიყურებოდით, აშკარად რაღაც არასწორად გაიგო მეორე მხარემ. მაგრამ ერთმნიშვნელივნად მინდა ვთქვა, ჩვენს გოგოებს არ დაუწყიათ კონფლიქტი. ჩვენს გოგოებს არასდროს გამოუხატავთ არანაირი შეურაცხყოფა არცერთი ერის მიმართ.
როდესაც ეს ადამიანი შემოვიდა ოთახში, აი ვიდეოც არსებობს, ის იყო არაადეკვატური, მას ქონდა არაადეკვატური თვალები და ჩვენ ყველას შეგვეშინდა.
თავად სასტუმროს რაც ეხება, ისინი არაფერში დაგვეხმარნენ, მათ დიდი შეცდომები დაუშვეს, გვითხრეს, არ გაიხედოთ ფანჯრიდან, იყავით ოთახშიო. ჩვენც ისეთი სტუმრები ვიყავით იმ სასტუმროში, როგორც ის ადამიანები, ვინც ქორწილს იხდიდა. სასტუმრომ არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად და კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთოდ არაფერი”- ამბობს რუსი ქალი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება გუშინ დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].
როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა ამინისტროში უთხრეს, რომ გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.
გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ინციდენტი ჩხუბი მოხდა – ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს.
რის შემდგაც სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა – კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამდა.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე დააკავა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგენენ, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე.
დაკავებული კაცის ახლობლები ამბობენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.