მთავარისიახლეებიმსოფლიო„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია - ქართველი მებრძოლი, რომელიც...

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

Published on

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის ინფორმაციით, იგი მორდოვიის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქართველ მებრძოლზე, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.

მამუკა გაწერელია აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილია. ის იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი კუთხე მხოლოდ მშობლების მონაყოლით გაიცნო. ოჯახისთვის აფხაზეთის ომი მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ ყოფილა – ეს იყო პირადი ტრაგედია, რომელმაც მათ საკუთარი სახლი და მშვიდი ცხოვრება წაართვა.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მამუკამ გადაწყვეტილება მიიღო, მოხალისედ წასულიყო უკრაინაში. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მოგვიანებით იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალური კონტრაქტით მსახურობდა.

მამუკა მარიუპოლის თავდაცვაში მონაწილეობდა და „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში იმყოფებოდა. 2022 წლის მაისში, როდესაც ალყაში მოქცეულ სამხედროებს უკრაინის სარდლობამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად პოზიციების დატოვებისა და ტყვედ ჩაბარების ბრძანება მისცა, ქართველ მებრძოლსაც სხვა სამხედროებთან ერთად რუსული მხარის ტყვეობაში აღმოჩნდა.

ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მისი ტყვეობა ხანგრძლივი არ იქნებოდა. უკრაინასა და რუსეთს შორის არაერთი ტყვეთა გაცვლა შედგა და ასობით სამხედრო საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა მამუკა გაწერელიას გვარი არც ერთ გაცვლის სიაში არ აღმოჩნდა.

2024 წლის თებერვალში რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში მოქმედმა ე.წ. სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთის მხარე მას „დაქირავებულ მებრძოლად“ მიიჩნევს, მაშინ როცა ოჯახის განცხადებით, იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო იყო და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა.

ტყვეობაში ყოფნის პერიოდში ოჯახს მამუკასთან კავშირი იშვიათად ჰქონდა. დედა, დალი ჩხეიძე, არაერთ ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ მისი წერილები და მოკლე სატელეფონო საუბრები ოჯახისთვის ყველაზე ძვირფასი ამბავი იყო. თუმცა ბოლო პერიოდში კავშირი კიდევ უფრო გართულდა. ოჯახი შიშობდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ადვოკატების ბოლო მონახულებისას იგი მნიშვნელოვნად იყო წონაში დაკლებული, რის შემდეგაც წერილებიც შეწყდა.

ახლა კი გავრცელდა კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია – ოჯახის ცნობით, მამუკა მორდოვიის კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც, არსებული ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ცნობების დამოუკიდებელი დადასტურება ამ დრომდე შეუძლებელია, თუმცა ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შესაბამის უწყებებს დახმარებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დალი ჩხეიძე არ მალავს, რომ ყოველი ტყვეთა გაცვლის წინ ისევ იმედით ელოდება სიების გამოქვეყნებას. ამბობს, რომ სხვა ადამიანებისთვის ეს შესაძლოა მხოლოდ მორიგი ოფიციალური განცხადება იყოს, მისთვის კი თითოეული გვარი ნიშნავს იმედს, რომ ერთ დღეს იქ თავისი შვილის სახელიც გამოჩნდება.

მამუკა გაწერელიას ისტორია მხოლოდ ერთი ქართველი მებრძოლის ტყვეობის ამბავი აღარ არის. ეს არის ისტორია ოჯახზე, რომელმაც ჯერ აფხაზეთის ომის გამო დაკარგა სახლი, შემდეგ კი უკრაინის ომმა შვილი წაართვა. დღეს მათი მთავარი სურვილი მხოლოდ ერთია – მამუკა ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდეს სახლში.

სიახლეები

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...

რუსეთი საწვავს ინდური კომპანიებისგან ითხოვს

უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა...