მთავარისიახლეებინიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

Published on

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს, ბრალდების მხარის მიერ, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.
მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდებათ.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, კაკულიებისა და საერთაშორისო ძებნაში მყოფ ბუსა ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოში ჩატარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ძმებ კაკულიების ადვოკატი, დავით კუტალაძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
„ეს სტანდარტული პროცედურაა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მაშინ, როცა კონკრეტულ ადამიანს ბრალად ედება 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულში განსაკუთრებული არაფერია და ვფიქრობ, შეუერაცხადობის მოლოდინი არც ერთ მხარეს არ გააჩნია, არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს.
წინასასამართლო სხდომის ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, ყველა გადაწევა ბრალდების მხარის მოთხოვნით იყო განპირობებული, შესაბამისად, ისინი ხედავენ საჭიროებას, რომ გამოძიების ვადა გააგრძელონ. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვინაიდან კანონის ფარგლებში სისტემატური კონტაქტი გვაქვს გამოძიებასთან, რამე ახალი, არსებითი სახის მტკიცებულება ამ ვადის განმავლობაში არ მოპოვებულა. ფორმალურად შეიძლება ბრალდების მხარემ ჩაწეროს და მოითხოვოს წინასასამართლო სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ გარკვეული ექსპერტიზის დასკვნა არ არის მოსული, მაგრამ ეს არის ფორმალური მომენტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ საქმის არსებითი განხილვისთვის, რადგან ბრალდება აბსოლუტურად მოგონილი, რეალობასთან შეუსაბამო, არაობიექტურია და გვაქვს მოლოდინი, რომ მათ უდანაშაულობას დავამტკიცებთ.
უამრავი ობიექტური ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ეს ბრალი ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგია და ალბათ, დაზარალებული მხრიდან წამოწეული კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება და არა იმ ობიექტურ მოცემულობას და მტკიცებულებებს, რაც საქმეშია. შესაბამისად, სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ველოდებით“, – განაცხადა კუტალაძემ.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

სიახლეები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე...

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...

რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია

რუსეთი დიზელის ექსპორტს სრულად აჩერებს და ნავთობპროდუქტების იმპორტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine რუსეთის...