სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა.
ცენტრი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შექმნას თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკა.
“ბოლო კვირებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებული პროცესები, მათ შორის, ახალი ე.წ. სახელშეკრულებო ურთიერთობები ცხინვალსა და მოსკოვს შორის, 23 ივნისს de facto პრეზიდენტის პოსტიდან ალან გაგლოევის გადადგომა და ამ პოზიციაზე არაადგილობრივი პირის დანიშვნა, აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა ახალ, უფრო ღია და აგრესიულ ეტაპზე გადავიდა. თუ 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში საკუთარ კონტროლს აღიარების პოლიტიკით, სამხედრო წარმომადგენლობით, უსაფრთხოების სფეროს დაქვემდებარებისა და ფინანსურ-ეკონომიკური დამოკიდებულების მექანიზმებით ამყარებდა, დღეს ეს პოლიტიკა უკვე დე ფაქტო ინსტიტუტების უშუალო საკადრო და ადმინისტრაციულ მართვაში გადაიზარდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
მკაფიოდ და საჯაროდ შეაფასოს 2026 წლის ე.წ. ხელშეკრულება და კამბოლოვის დანიშვნა როგორც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალი ეტაპი;
გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო მექანიზმებთან, რათა საკითხი დადგეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ქმედება;
მოითხოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმების არაღიარება და დაგმობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
გააძლიეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით საკუთრების, გადაადგილების თავისუფლების, სოციალური უფლებების, მოქალაქეობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით;
შექმნას თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკა”. – ნათქვამია განცხადებაში.