სასახლის ღობის საქმე – 15 პირიან ეპიზოდზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს:
ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.
როგორც დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი 15 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს, რადგან მათ არც არც საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიუმართავთ ბრალდების მხარისთვის და არც წარდგენილ ბრალდებას აღიარებენ.
ესენი არიან:
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას.
ბრალდებულებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
მანამდე ცნობილი იყო, რომ საპროცესო შეთანხმება უფორმდებოდა ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, თემურ ქუციკიძესა და ავთანდილ სუმნაიძეს. დღეს კი ამ შვილ ბრალდებულს კიდე შვიდი დამატა.
შეთანხმების პირობების მიხედვით, ბრალდებულები გათავისუფლდებიან, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრობაციის პირობებში იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩებიან და პერიოდულად, მათ შორის კვირაში ერთხელ, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამოცხადება მოუწევთ.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე მზად არის, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ნებისმიერ პირს გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ ისინი ბრალს აღიარებენ და თავს დამნაშავედ ცნობენ.
“პროკურატურის პოზიცია ასეთია – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოგვმართავს განცხადებით, რომ მას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ, რომ მასთან ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
რაც შეეხება დარჩენილ შვიდ პირს, მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ დანაშაულს და თავს არ ცნობენ დამნაშავედ, შესაბამისად, მათთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, თუმცა, თუ შეიცვლიან პოზიციას, თუ ნამდვილად აღიარებენ ბრალს, თავს ცნობენ დამნაშავედ იმ ორ ეპიზოდში, რაზეც ბრალი აქვთ წარდგენილი, ჩვენ მზად ვართ, რომ მათთანაც განვიხიოთ საპროცესო შეთანხმების საკითხები. მოლაპარაკება ნიშნავს იმას, რომ რაღაცაზე ჩამოვყალიბდეთ მხარეები. ჩამოვყალიბდით გარკვეულ პირობებზე და ამ პირობებზე გაუფორმდებათ შეთანხმება.
რაც შეეხება უკან დახევას, არავის მხრიდან არც უკან დახევა ყოფილა და არც რაიმე სწრაფი მართლმსაჯულების ხელის შეწყობა. სწრაფი მართლმსაჯულება ვეღა მოხდება, ვინაიდან საქმე დასრულებულია. ერთადერთი ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ მათ გავუწიოთ გარკვეული შეღავათი იმის გამო, რომ აღიარეს და გულწრფელად ნანობენ ჩადენილს. იმ შემთვევაში, თუკი ბრალდებულებს გაუფრომდებათ საპროცესო შეთანხმება მხოლოდ პირობით მსჯავრში, რა თქმა უნდა, ისინი გათავისუფლებიან სხდომათა დარბაზიდან ”, – განაცხადა პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.