ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე ზედოზირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. მათი შეფასებით, არსებული პოლიტიკა გამოწვევებს ვეღარ პასუხობს, ხოლო უცნობი და ე.წ. „დიზაინერული“ ნარკოტიკების გავრცელება ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
მდგომარეობას მწვავედ აფასებს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის გადახედვისა და ზედოზირების რეალური სტატისტიკის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ზიანის შემცირების პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, სახელმწიფო არაეფექტურ მიდგომებს ინარჩუნებს, რაც მძიმე შედეგებს იწვევს.
ზედოზირება რამდენია, გვითხრან, რამდენი იყო 2026 წელს ზედოზირება. დადონ ოფიციალური სტატისტიკა, რატომ მალავენ? ხომ ამბობენ, რომ წარმატებული აქვთ ეს რეფორმა, გვითხრან რამდენია ზედოზირება. როცა ქვეყანაშ გყავს ალბათ უკვე 60 ათასზე მეტი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი და შენ იმის მაგივრად, რომ შეცვალო შენი პოლიტიკა და გააძლიერო ზიანის შემცირება, იძახი, რომ ზიანის შემცირება არის ლეგალური ნარკომანია. ასე თუ გააგრძელეს, ეს გაგრძელდება ასე, არ დამთავრდება არასდროს და ეს ნარკოტიკი სულ შემოვა და უფრო მეტი, ბევრად უფრო მძიმე, კუსტარული, ბევრად უფრო ტოქსიკური, იმიტომ, რომ გამოჩნდა უკვე ვინტი, ბიო, გამოჩნდა უკვე ისეთი ნარკოტიკები, რომელიც აქმდე არ იყო, – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.
პრობლემის სისტემურ ხასიათზე საუბრობს ნარკოლოგი დავით ვადაჭკორიაც. მისი განცხადებით, ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება და პრობლემა სულ უფრო ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს. ვადაჭკორია ყურადღებას ამახვილებს პრევენციის სისუსტეზე და ამბობს, რომ არსებული სამედიცინო სერვისები გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს.
90-იანი წლებით სიტუაცია გვიმძმდება და ტენდენცია მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ნარჩუნდება, გაახალგაზრდავება ხდება ამ პრობლემის და რადიკალური გადაწყვეტი მექანიზმი ჯერ ჩვენს ქვეყანაში შემუავებული არ არის. ეს ტენდენცია ზედოზირების ზრდის, სიკვდილიანობის ზრდის განპირობებულია ზუსტად უცნობი, ხშირად ე.წ. დიზაინერული ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების. გააქტიურებულია ამოღება ამ ნარკოტიკული საშუალებების, თუმცა მეორე მხარეს მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში. არ არის საკმარისი სამედიცინო სერვისები, პრევენცია ფაქტობრივად ჩანასახოვან მდგომარეობაშია ჩვენს ქვეყანაში, – ამბობს დავით ვადაჭკორია.