ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას აქვეყნებს და დეტალურად წერს, რა არის ცნობილი კომისიის ახალ თავმჯდომარესა და წევრებზე და რა კავშირები აქვთ მათ მმართველ პარტიასთან.
ორგანიზაციის თქმით, “კომისიას ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად იყენებს.“
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პირობებში, წლებია, რაც კონკრეტული სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ჯგუფის მიზანმიმართული დევნისა და დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება. მათ შორის არის კომუნიკაციების კომისია, რომელიც უკვე ბევრი წელია კრიტიკული მაუწყებლების დასჯისა და გაჩუმების ინსტრუმენტად გვევლინება, რაშიც მმართველ გუნდს აქტიურაც ეხმარებიან პარტიული კუთვნილებისა და ლოიალობის ნიშნით შერჩეული წევრები.
ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, თუ ვინ არიან კომუნიკაციების კომისიის ძველი და ახალი წევრები, რა ნიშნით არიან ისინი შერჩეულნი და რა აკავშირებთ მათ „ქართული ოცნებასთან“, – წერს TI.
მასალაში დეტალურად წერია, რა არის ცნობილი კომისიის ახალი თავმჯდომარის შესახებ?
გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრად 6 წლის ვადით პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაამტიკცა. იგი საქმიანობას 2026 წლის 26 იანვრიდან შეუდგა და 29 იანვარს 3 წლის ვადით უკვე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. გულორდავასთან ერთად კომუნიკაციების კომისიის წევრობა კიდევ ორ კანდიდატს – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორს, ვლადიმერ ტატიშვილსა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსამთავრობო „იმედის“ მფლობელი კომპანიის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილის მფლობელი კომპანიის – შპს „პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი – ილია მიქელაიშვილს სურდათ.
გულორდავამ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კახა ბექაური შეცვალა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ზედიზედ 3 ვადით 2017 წლიდან თავმჯდომარეობდა და მედიის თავისუფლების კონტექსტში მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, კომისია ქართული ოცნების ხელისუფლების სადამსჯელო პოლიტიკის დანამატად იქცა და კრიტიკული მაუწყებლების დევნის ფუნქციას ასრულებდა (ბექაურის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს).
კომისიაში გადანაცვლებამდე გულორდავა 2023-2025 წლებში სანქცირებულ „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და შიდა აუდიტორულ საქმიანობას ეწეოდა. 2020-2025 წლებში მას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ გენერალური დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი – შიდა აუდიტის დირექტორის თანამდებობაც ეკავა. სატელეკომუნიკაციო და მედია სფეროსთან მისი შემხებლობა და კავშირი სწორედ ამით და 2009-2011 წლებში შპს „მედია ალიანსის“ იურისტად მუშაობით შემოიფარგლება.
გულორდავა, რომელსაც კანონმდებლობით პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია აკისრია, 2016-2020 წლებში, საქართველოს პარლამენტის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ქართული ოცნებიდან“. უფრო ადრე, 2013-2016 წლებში კი, წალენჯიხის მუნიპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა და ასევე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გულორდავა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, `ქართული ოცნების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატიც იყო, თუმცა იგი მეორე ტურში, ოპოზიციონერ კანდიდატ, გია ხარჩილავასთან დამარცხდა.
წასრულში გულორდავას პრობლემები ჰქონდა მართლმსაჯულებასთან. 2007 წელს, იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მაშინ იგი საქართველოს კონტროლის პალატის რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტის მთავარი კონტროლიორი იყო. მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. გულორდავას სახელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საეჭვო შესყიდვების შესახებ 2022 წლის კვლევაშიც მოხვდა. კვლევა ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვას შეეხებოდა, მომსახურების შემსრულებელი კომპანიის ერთ-ერთი მეწილე კი გულორდავას დეპუტატობისას, მის ბიუროში მუშაობდა.
საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წლის ნოემბერში, გულორდავას მამა, გია გულორდავა ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან ერთად. სასამართლომ მათ 2-2-წლიანი პატიმრობა და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მათ საპატიმრო 2020 წლის აპრილში, ვადაზე ადრე დატოვეს. მაშინ გულორდავამ, რომელსაც პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა ეკავა, თქვა, რომ მას გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ ჰქონდა.
TI ასევე დეტლაურად წერს, რა არის ცნობილი კომისიის სხვა წევრებზე?
რაც შეეხება კომისიის დანარჩენს წევრებს, ამ თანამდებობებს ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე და ივანე მახარაძე იკავებდნენ (მათ შესახებ უფრო მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს). მათგან უფლებამოსილების ვადა ვახტანგ აბაშიძეს ამოეწურა. აბაშიძის ადგილმონაცვლის შესარჩევად მთავრობამ კონკურსი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 100 დღით ადრე – 11 თებერვალს გამოაცხადა. კომისიის წევრობის სურვილი სულ ოთხმა კანდიდატმა – ანი ვაზაგაშვილმა, გიორგი ელისაშვილმა, სოლომონ ექვთიმიშვილმა და იოსებ აბულაძემ გამოთქვეს. მათგან სამი პროსამთავრობო ტელევიზიების თანამშორმლები იყვნენ. კერძოდ:
ანი ვაზაგაშვილი – პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსად და ასევე პროსამთავრობო „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. მანამდე, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.
გიორგი ელისაშვილი – 2013 წლიდან ასევე პროსამთავრობო ტელევიზია „ჯიდიესის“ ფინანსური დირექტორია. მანამდე, იგი ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ „ქართუ ბანკშიც“ მუშაობდა.
სოლომონ ექვთიმიშვილი – 2025 წლიდან დღემდე ასევე პროსამთავრობო „მედია ჰოლდინგის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
რაც შეეხება, იოსებ აბულაძეს,2016 წლიდან-დღემდე, მას შპს „ღია გული – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა უკავია. ამ კანდიდატებიდან პარლამენტმა 15 აპრილს კომისიის ახალ წევრად მომდევნო 6 წლის ვადით ანი ვაზაგაშვილი დაამტკიცა. ის კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს ჩაანაცვლებს.
საგანგაშოა მოცემულობა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივრებს „ქართულ ოცნებასთან“ და მათივე პროპაგანდისტულ პროსამთავრობო მედიებთან ღიად დაკავშირებული პირები განიხილავენ და გადაწყვეტილებებსაც პარტიული დღის წესრიგის შესაბამისად იღებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა 8 აპრილს, როდესაც კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა, რითაც ქვეყანაში ცენზურის დაწესებისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.