ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ უცვლელია და კრიტიკულ შეფასებებს ეფუძნება. კაია კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, თუმცა მიუთითებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი დემოკრატიული სტანდარტებისგან გადახვევას წარმოადგენს.
ჩვენ განვიხილავთ სამხრეთ კავკასიას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ასევე, ვაპირებთ ვიმსჯელოთ სომხეთისთვის ახალ მისიაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი ძალიან მკაფიოა… ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღევანდელი დისკუსიების უმეტესი ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს დაეთმობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ის გზა, რომელსაც ისინი დაადგნენ, ოპოზიციის რეპრესიები, მედიის შეზღუდვა და მიღებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესის დანახვა.
მე ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის ნაცვლად. როგორც კი ისინი ჩამოყალიბდებიან და მუშაობას შეუდგებიან, ჩვენ შეგვიძლია მათ ყველა ეს კითხვა დავუსვათ. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი საკითხი, რომელიც მანამდე დაბლოკილი იყო ჩვენ ხელახლა ვხსნით მათ განსახილველად და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურ შედეგებს მივიღებთ, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.
შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა, ერევანში დაგეგმილი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტის წინ.
დისკუსიის ერთ-ერთ თემად ასევე დასახელებულია საქართველოში არსებული ვითარება.