სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის “უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა“.
ნარმანიას მტკიცებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ “დაბალანსებული გადაწყვეტილება” მიიღო.
მისივე თქმით, დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის – 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდში, დაკორექტირდა და დამტკიცდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა ძალიან დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა, 70 ათასზე ნაკლებია, მთავრობა ამ კატეგორიის მომხმარებლების კომუნალურ სუბსიდირებას გააგრძელებს.
ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება“, – განაცხადა ნარმანიამ.
სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.