გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის სამხედრო იერიშის მიტანას განიხილავს, რათა ხამენეის რეჟიმს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს პირობებზე დათანხმება აიძულოს.
WSJ წერს, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად, რასაც შესაძლოა ირანის მხრიდან, სერიოზული საპასუხო ქმედებები მოჰყვეს, თეთრი სახლი პირველ ეტაპზე მხოლოდ ლიმიტირებულ თავდასხმას განიხილავს, რათა თეირანზე წნეხი გაიზარდოს.
წყაროების თქმით, ტრამპის თანხმობის შემთხვევაში საწყისი იერიში შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს და სამიზნე ირანის რეჟიმის სამხედრო ან სამთავრობო ობიექტები იქნება. ხოლო თუკი ირანი კვლავ უარს იტყვის აშშ-ს პირობების დათანხმებაზე, რომელიც ბირთვული გამდიდრების შეწყვეტასაც მოიცავს, აშშ რეჟიმის სხვა ობიექტების წინააღმდეგ უფრო მასშტაბურ კამპანიას დაიწყებს, რომლის პოტენციური მიზანიც ხამენეის რეჟიმის დამხობა იქნება.
ერთ-ერთმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ ტრამპმა შესაძლოა, იერიშები თანდათან გაახშიროს და მასშტაბებიც გაზარდოს, სანამ თეირანი უარს არ იტყვის ბირთვული პროგრამის დაშლაზე ან თავად რეჟიმი არ დაეცემა.
თუმცა, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეზღუდული ხასიათის იერიშმა შესაძლოა, დროებით ირანის მხრიდან მოლაპარაკებებზე უარის თქმა გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეჟიმის მაღალჩინოსნები აშშ-ს მოთხოვნებზე პასუხის შემუშავების პროცესში არიან.
ტრამპმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღებს, მოგვიანებით კი რეპორტიორებს უთხრა, რომ მაქსიმალური ვადა ორი კვირაა. “ამა თუ იმ გზით შეთანხმებას მივაღწევთ,” აღნიშნა მან.
პარალელურად, CBS News-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მოწინავე მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ აშშ-ს არმიას ირანზე პოტენციური იერიშების მიტანა შაბათსვე შეუძლია.
CBS: მაღალჩინოსნებმა ტრამპს აცნობეს, რომ აშშ-ს ირანზე იერიშების დაწყება შაბათსვე შეუძლია
ტელეარხის წყაროების მიხედვით, ირანზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. მაღალჩინოსნების თქმით, დისკუსიები ცვალებადია და ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მანამდე Wall Street Journal წერსდა, რომ ბოლო პერიოდში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დიდი რაოდენობის ავიაგამანადგურებლები და მათი დამხმარე სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რაც 2003 წელს ერაყში შეჭრის შემდეგ აშშ-ს მიერ რეგიონში საჰაერო ძალების ყველაზე მასშტაბურ მობილიზაციას წარმოადგენს.
WSJ: ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი აშშ-ს საჰაერო ძალები ყველაზე მასშტაბურია 2003 წლის შემდეგ
ამერიკელ მაღალჩინოსანსა და ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში F-35-ისა და F-22-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც გადაისროლა.
ხოლო ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკურმა წყაროებმა 18 თებერვალს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მეორე ამერიკული ავიამზიდი, რომელსაც ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა უბრძანა, მაროკოს სანაპიროსთან გამოჩნდა და გიბრალტარისკენ მიცურავს. ირანთან სიახლოვეს აშშ-ს ასევე განლაგებული ჰყავს ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც რეგიონში დაახლოებით სამი კვირის წინ ჩავიდა.
ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავენ ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები. ბოლო კვირების განმავლობაში კი აშშ-მ რეგიონში უკვე განალაგა კრიტიკული მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვითი სისტემები.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-ს დაუდასტურეს, რომ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა სამხედრო ვარიანტები უკვე გააცნეს და ყველა მათგანის მიზანი ირანის რეჟიმისა და მისი რეგიონული პროქსი ძალებისთვის უკიდურესი ზიანის მიყენებაა.