აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
მან ასევე აღნიშნა, ჩინეთსა და რუსეთს გრენლანდიაზე დაუფლება სურთ და დაამატა, რომ “მხოლოდ აშშ-ს შეუძლია ამ თამაშის თამაში”.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ევროპული ქვეყნების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის გამო, რაც ტრამპმა “სახიფათო” და “გაუმართლებელ” ნაბიჯად დაახასიათა.
პოსტში ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიის “მოპოვება” აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან “ოქროს გუმბათის” საჰაერო თავდაცვის სისტემის “მაქსიმალური პოტენციალის მიღწევისთვის და ეფექტურობისთვის” გრენლანდიის მიწაა საჭირო.
გთავაზობთ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პოსტს სრულად:
“მრავალი წლის განმავლობაში სუბსიდირებას ვუწევდით დანიას, ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და სხვებს, ტარიფების არ დაწესებით ან ანაზღაურების ნებისმიერი სხვა სახით არარსებობით. ახლა, საუკუნეების შემდეგ, დროა, დანიამ უკან დაგვიბრუნოს – სასწორზე მსოფლიო მშვიდობა დევს! ჩინეთსა და რუსეთს გრენლანდია სურთ და დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამჟამად მათ ორი ძაღლშებმული მარხილი აქვთ, ერთ-ერთი ბოლო დროს დაამატეს. მხოლოდ აშშ-ს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მმართველობით, შეუძლია ამ თამაშის თამაში და ძალიან წარმატებულადაც!
ამ წმინდა მიწას ხელს არავინ ახლებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხე ემუქრება აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასა და, ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებას. ყოველივე ამის ფონზე დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გრენლანდიაში გაემგზავრნენ, გაუგებარი მიზეზებით. ეს ძალიან სახიფათო ვითარებაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის, დაცულობისთვისა და გადარჩენისთვის.
ამ ქვეყნებმა, რომლებიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ, გამოიწვიეს ისეთი დონის რისკი, რომლის გამართლებაც ან შენარჩუნებაც შეუძლებელია. ამიტომ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება, რათა ეს პოტენციურად საშიში ვითარება სწრაფად და უპირობოდ დასრულდეს.
2026 წლის 1-ელი თებერვლიდან ზემოხსენებულ ყველა ქვეყანას (დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი) აშშ-ში გაგზავნილ ნებისმიერ პროდუქტზე 10%-იანი ტარიფი დაუწესდება. 2026 წლის 1-ელ ივნისს კი ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. ეს ტარიფი ძალაში იქნება მანამ, სანამ გრენლანდიის სრულად და მთლიანად შესყიდვის შესახებ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
აშშ ამ გარიგების დადებას 150 წელზე მეტია ცდილობდა. ეს ბევრმა პრეზიდენტმა სცადა და კარგი საბაბითაც, მაგრამ დანია ყოველთვის უარს ამბობდა. ახლა კი “ოქროს გუმბათისა” და თანამედროვე იარაღის სისტემების – როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი – გამო, [გრენლანდიის] მოპოვების საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ახლა ასობით მილიარდი დოლარი იხარჯება უსაფრთხოების პროგრამებზე, რომლებიც “გუმბათთან” არის კავშირში, მათ შორის, კანადის შესაძლო დაცვისთვის, და ეს ძალიან ბრწყინვალე, მაგრამ უაღრესად რთული სისტემა თავისი მაქსიმალური პოტენციალითა და ეფექტიანობით კუთხეების, საზომებსა და საზღვრების გამო მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუკი ეს მიწა მასში შევა.
აშშ დაუყოვნებლივ მზად არის, მოლაპარაკებები გამართოს დანიასთან და/ან ნებისმიერ ამ ქვეყანასთან, რომლებმაც ამდენი რამ დააყენეს საფრთხის წინაშე იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ჩვენ მათთვის გავაკეთეთ, მათ შორის, მაქსიმალური დაცვა მრავალი ათწლეულის განმავლობაში.” – წერს ტრამპი.