საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა ჩანიშნული. თბილისის აეროპორტში ჩამოსულ ქალს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მას საზღვრის კვეთის უფლებას არ მისცემდნენ რადგან, აქციაზე დგომის გამო დაჯარიმებულია. საქმე, სავარაუდოდ, 3 მარტს დედების აქციას ეხება.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ქალმა მაშინვე მოითხოვა ჯარიმის ჩაბარება და არც მისი გადახდა გამორიცხა, თუმცა მას უთხრეს, რომ გადახდის შემთხვევაშიც კი საქართველოში ვერ შემოუშვებდნენ.
ანასტასიამ დიდი ხნის წინ დაწერა განცხადება და როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ დაენიშნა პაემანი საკუთარ დედასთან და დღეს, როდესაც ქალბატონო ჩამოფრინდა რუსეთის ფედერაციიდან, იგი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს აეროპორტიდან. მესაზღვრეებთან კომუნიკაციის შედეგად, რასაც დასჭირდა საკმაოდ დიდი დრო, გაირკვა, რომ ისინი მას არ შემოუშვებდნენ საქართველოში და ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ თითქოსდა იგი არის მოთავსებული გარკვეულ საჯარიმო ბაზაში. ჩვენთვის უცნობია, რისთვის არის დასაჯარიმებული. არც ჯარიმა ჩაბარებია. დღესვე მოითხოვა მან, რომ ჩამაბარეთ ჯარიმა და შეიძლება, გადავიხადო კიდეც, თუმცა მას არც ჯარიმა ჩააბარეს და რაც მთავარია, უთხრეს, რომ ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეგიშვებთ და სავარაუდოდ, აბრუნებენ უკან. 6-7 თვის უნახავ, პატიმრობაში მყოფი შვილის უნახავ დედას, ისინი არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე და მე მინდა, გითხრათ, რომ ეს არის 70 წლამდე ქალბატონი, რომელიც, აბუსრდულია, რომ თითქოს შეიძლება, რამე საფრთხეს წაროადგენდეს. ეს მხოლოდ არი კიდევ ერთ მორიგი მაგაითი იმისა, რომ არავითარ დანდობას, არავითარ ადამიანურ მოპყრობას და არავითარ მორალური ღირებულებების დაცვას ამ რეჟიმისგან ჩვენ არ უნდა ველოდოთ, – ამბობს შთა თუთბერიძე.
რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა – ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.