ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კოლაფსად და ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებად არის შეფასებული.
დოკუმენტით ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს რეპრესიებში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური პატიმრების არსებობაში და პრორუსულ კურსში.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი:
გმობს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს, დაკავებებს და სისტემურ ზეწოლას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ;
ითხოვს ახლახან მიღებული „დრაკონული კანონების“ გაუქმებას, რომლებიც საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ემსახურება;
გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდაზე და ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური;
აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები მიტაცებულია.
ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი – მიუკერძოებელი ადმინისტრაციითა და საერთაშორისო მეთვალყურეობით.
დოკუმენტი მიუთითებს საქართველოზე, როგორც დამოუკიდებლობა დაკარგულ და „ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოზე, რომლის საგარეო პოლიტიკა აშკარად აცდენილია ევროკავშირის ღირებულებებს და უსაფრთხოების საერთო ხედვას.