თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
შეგახსენებთ, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი. ამის შემდეგ იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით. ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.