მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

Published on

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება – წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს.

ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს „თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.“

„ევროპარლამენტი კვლავ მზადაა დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში; მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეები აკონტროლებენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, რაც წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმისკენ აშკარა გარდამტეხ წერტილს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომ უკანონო მიტაცებას და ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება; ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ საქართველოს გზას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სიახლეები

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...

სტრასბურგმა ე.წ. FARA-ზე და გრანტების კანონზე საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. FARA-ს ანალოგთან და გრანტების...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...