ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ისმის შეკითხვა- „არის თუ არა საფრთხე, ირანში რადიაციამ გაჟონოს იმ დაბომბილი ბირთვული ობიექტებიდან, რომლებზეც ისრაელის საჰაერო ძალებს აქტიური იერიშები მიაქვს”?! – შეკითხვას პასუხობს სამხედრო ანალიტიკოსი, სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის პორტალ “ალფა სიხშირის” სამხედრო კურატორი ოთო კონჯარია:
“იმ მიზეზებთაგან, თუ რატომ არ მოხდა რადიაციული გაჟონვა, ან გაფრქვევა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშების შემდეგ, რამდენიმე ტექნიკური და სტრატეგიული ახსნა არსებობს:
1. საბრძოლო მიზნების გათვალისწინებით სიფრთხილით შერჩეული სამიზნეები
ისრაელის საჰაერო ძალებს აქვთ უმაღლესი დონის დაზვერვა და მიზანში იღებენ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს — მაგალითად:
ურანის გადამამუშავებელ ლაბორატორიებს, ტექნიკურ შენობებს, ან ელექტრომომარაგების სტრუქტურებს
და არა პირდაპირ რეაქტორებს ან დაცულ საცავებს, სადაც რადიაციული მასალა ინახება.
2. ბირთვული მასალა შესაძლოა არ იყო ადგილზე-
მაგალითისთვის- ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებში რეალური ურანის მასალა ან:
• ჯერ არ იყო შეტანილი,
• ან იქ ინახებოდა მცირე რაოდენობით,
• ან დროთა განმავლობაში გადაიტანეს სხვა ადგილას.
3. დარტყმის ხასიათი – მაღალი სიზუსტე
ავიადარტყმები, სავარაუდოდ, განხორციელდა ისე, რომ თვითონ ბირთვული მასალა არ დაზიანებულიყო — გამოიყენეს სპეციალური საბრძოლო მასალა, რომელიც ანადგურებს შენობებს, მაგრამ არ იწვევს მასალაზე ზემოქმედებას, რათა რადიაციული გაჟონვის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
4. სტრატეგიული გათვლა – საერთაშორისო რეაქციის თავიდან აცილება
ისრაელი აფრთხილებს ირანს, მაგრამ არ სურს, რომ დარტყმამ გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა ან დასავლეთისგან მწვავე უკურეაქცია. რადიაციული გაფრქვევა რომ მომხდარიყო, ეს შეიძლება ინტერპრეტირებულიყო, როგორც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, რასაც აშშ, გაერო და სხვა ძალები ვერ უგულებელყოფდნენ.
5. “დაბომბეს ბირთვული ობიექტები” ნიშნავს, რომ იერიში მიიტანეს მხოლოდ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ურანის გამამდიდრებელ ცენტრიგუფებზე და არა უშუალოდ ისეთებზე, რომლებიც რადიაციულ საფრთხეს შეიცავს.
🇮🇱 ისრაელის საჰაერო ძალების მთავარ სამიზნეს ბირთვულ ობიექტებზე იერიშებისას წარმოადგენს ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები, რომლებიც არ შეიცავს ისეთ მასალებს ან ტექნოლოგიას, რაც თავად აფეთქებისას რადიაციულ გაჟონვას გამოიწვევს. მაგალითად, თუ ცენტრიფუგაში 60%-მდე გამდიდრებული ურანია, ის ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გამდიდრებული, რომ რადიაციული აფეთქება გამოიწვიოს დაბომბვისას.
რადიაციული გაფრქვევის თავიდან აცილება განპირობებულია ისრაელის საბრძოლო ავიაციის ზუსტი და სტრატეგიული დარტყმებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებას, გამამდიდრებელი ობიექტების დაზიანებას, მაგრამ არა რადიოაქტიური მასალების განადგურებას, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ეკოლოგიური კატასტროფა”.