ოთარ ფარცხალაძის გვარი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში – ანონიმური მომხმარებელი “ფეისბუქზე” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სოხუმელი “კრიმინალური ქურდის” ძმის ლიკვიდაცია მოსკოვში დაიგეგმა და ამ მძიმე დანაშაულის უკან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი – “დედ ხასანი”, იგივე ასლან უსოიანი დგანან.
ტექსტში არ არის მითითებული კონკრეტული მტკიცებულება, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგივე ანონიმური წყარო წერდა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი, რომლითაც გელა უძილაურმა ბიზნესმენი მოკლა, 28 წლის სანდრო წივწივაძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე დააკავეს.
“პირველები” მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატს ესაუბრა – ტარილე კაკაბაძე ამბობს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გამოკითხული არ არის.
იურისტი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია, თუმცა საგამოძიებო უწყება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს:
არც ფარცხალაძეა გამოსაკითხად დაბარებული ამ სისხლის სამართლის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ვერსია გაჟღერდა თუნდაც ამ ადამიანთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მკვლელობის შემკვეთების გამოვლენის მიმართულებით, აბსოლუტურად არაფერია გაკეთებული ამ სისხლის სამართლის საქმეში.
რა თქმა უნდა, გელა უძილაური თავისით ვერ მიიღებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როდის ჩამოვიდოდა ლევან ჯანგველაძე საქართველოში, როდის იქნებოდა აეროპორტში. საერთოდ ვერ მიიღებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ის კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე იმყოფებოდა – მას აწვდიდნენ ინფორმაციას”- აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
რაც შეეხება შეკვეთილი მკვლელობის საქმის ირგვლივ გავრცელებულ სხვა გვარებს – (საუბარია “მთაწმინდის საძმოს” წევრებზე – ძმები მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძე, ვისთანაც მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური მუშაობდა), ირკვევა, რომ გამოძიებას არცერთი მათგანი გამოკითხული არ ჰყავს.
მეტიც, ადვოკატის ინფორმაციით, ხსენებულმა გვარებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს:
არცერთი ის პირი, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც ამ განცხადებაშია ნახსენები, დაბარებული და გამოკითხული არ არის. უფრო მეტიც, ყველა ამ პირმა დატოვა საქართველოს ტერიტორია. იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურატურა ამ საქმის გამოძიებით იქნებოდა დაინტერესებული, ეს საქმე უკვე კარგა ხნის გამოძიებული იქნებოდა. პროკურატურა იმასაც არ აღირებს, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა, მაშინ როდესაც საქმის ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე რომ გელა უძილაურს პირადი მოტივი, რომ მოეკლა ლევან ჯანგველაძე არ ჰქონია. ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ გელა უძილაური ახორციელებდა კონკრეტულ ქმედებებს სხვა პირების მითითებით, უთანხმებდა ყველაფერს სხვა პირებს და მათი დაველებით მოქმედებდა”- დასძინა იურისტმა.
ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, 23:30 წუთზე ჭავჭავაძის გამზირის 7-9 ნომრების სიახლოვეს მოკლეს.
პოლიციამ ბრალდებული, გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16 – დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორის განცხადებით, უძილაურმა ჯანგველაძისა და მისი მძღოლის წინააღმდეგ 14-ჯერ გაისროლა.
ჯანგველაძის ოჯახი და ადვოკატი დანაშაულის დამკვეთის დადგენას ითხოვენ.