ემანუელ მაკრონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც პარიზში, ელისეის სასახლეში გუშინ, 3 ოქტომბერს გაიმართა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება წერს, რომ ემანუელ მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და EU-ში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს:
“რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.