ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. კონკრეტულად ვის შეეხება აღნიშნული სანქციები, ამას ბლინკენი არ აკონკრეტებს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა და მიიღო კანონი “უცხოური გავლენის შესახებ”, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, მოახდენს ორგანიზაციების სტიგმატიებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რომ ქართველებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის ინფორმაცია.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ ვნახეთ აშკარა მინიშნებები დაშინებისა და ძალადობის გამოყენების შესახებ მშვიდობიანი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური უთანხმოების ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რისი ქონის უფლების მქონეა ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს – ასახულია მის კონსტიტუციაში – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.
ამ ქმედების საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.
საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ურყევი და ფუნდამენტურია. ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ – ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა აღმოჩნდეს შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა შეეხოთ ამ პირთა უშუალო ოჯახის წევრებსაც.
დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბლინკენის განცხადების ბოლოს აღნიშნულია იმიგრაციის აქტის კონკრეტულო მუხლი, (212 (a)(3)(C), რომელზე დაფუძნებითაც სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.
აქვე, აღნიშნულია, რომ აქტი ინდივიდებზე სავიზო შეზღუდვების დაწესების უფლებას იძლევა “იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი მოქმედი ან ყოფილი მთავრობის წევრები, თუ არასამთავრობო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, ან მონაწილეობდნენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, მათ შორის – ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალათ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში, ისევე როგორც ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.