თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა, რომელიც საქალაქო სასამართლომ მას 17 თებერვალს შეუფარდა, ძალაში დატოვა.
პროკურატურა მებონიასთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა მეორე ინსტანციამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მკვლელობა თბილისში 2022 წლის 21 მაისს მოხდა. გამოძიების ცნობით, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა.