მთავარისიახლეებივიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება | ჰერჩინსკი

ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება | ჰერჩინსკი

Published on

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება. ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი რეისები.

“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები “ძვირად უჯდება ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს” და “თითოეული წევრი სახელმწიფო იხდის ძალიან მაღალ ფასს.”

მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერენ მხარს რუსეთის იზოლაციას. თუმცა, ევროკავშირის ელჩი სინანულს გამოთქვამს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო:

“ჩვენ კოლექტიურად ჩავთვალეთ, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის. ამიტომაც, ჩვენი წევრი ქვეყნების ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა ეს სანქციები და შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს მუშაობა მორიგ პაკეტზე…

ამას არ ვაკეთებთ მარტოები, არამედ ჩვენ მსგავსად მოფიქრალ პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, “დიდი შვიდეულის” ფარგლებში და ვცდილობთ, ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით…

ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს. სრულად მესმის დასაბუთება: საქართველო [რუსეთის] მეზობელი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდად განსხვავდება ჩვენისგან და რუსეთთან ვაჭრობა მისთვის ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება…

​გამოვთქვამთ სინანულს [საქართველოსა და რუსეთს შორის] პირდაპირი რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. ოთხ დღეში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული, უსაფუძვლო შეჭრიდან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, აეკრძალათ რუსეთის ყველა ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავის ყველა რეისი. ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი რეისები [რუსეთთან]”, – ამბობს ჰერჩინსკი.

როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, ელჩმა დეზინფორმაციაზე საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის კომუნიკაციასა და რიტორიკაზეც:

“თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა, ვიტყოდი, რომ ქვეყნის გარედან მოდის, თუმცა, სამწუხაროდ, მათ იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი. მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე,” – თქვა ევროკავშირის ელჩმა.

სიახლეები

კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ...

სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

სიონის ტაძარში, ხალხის ნაკადი არ წყდება - პატრიარქის საფლავზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები...

თბილისში კაცი დედის და ძმის მკვლელობისთვის დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში...

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...