ომის 538-ე დღე – სად რა ხდება უკრაინაში

0
171

რუსების თავდაცვის პირველი ხაზი აზოვის ზღვის მიმართულებით გარღვეულია: რობოტინოსა და უროჟაინეს უკრაინელები აკონტროლებენ. 

რეპორტიორი და სამოქალაქო აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ანალიტიკურ სტატუსს აქვეყნებს:

“რობოტინედან ქალაქ ტოკმაკამდე, რომელიც რუსეთის არმიისთვის უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კვანძია, 30 კილომეტრი რჩება. რაც შეეხება უროჟაინეს, მის შემდეგ სოფელი სტარომლინივკაა, რომლის გათავისუფლების შემთხვევაშიც, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოპერატიული სივრცე გაეხსნება.

ამის გარდა, კი იძახიან, საყურადღებო ჯერ არაფერი ხდებაო, მაგრამ რუკებიდან ჩანს, როგორ დღითიდღე ფართოვდება უკრაინელების პლაცდარმი ხერსონთან, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე. ეს რუსებისთვის დიდი პრობლემების წინაპირობაა, რადგან გზა აქედან როგორც ყირიმისკენ, ასევე მელიტოპოლისკენ მიდის, დატკეპნილი ქვიშნარი კი, რომელიც ამ ადგილებისთვისაა დამახასიათებელი, საკმაოდ მოსახერხებელია მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად, ბახმუტის გარშემო მნიშვნელოვან სიმაღლეებს უკრაინა აკონტროლებს, ყოველდღიურად იბომბება სამხედრო ობიექტები რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში, უკრაინული დრონები გამუდმებით უტევენ მოსკოვს, მესამე და მეოთხე იერიში იქნა მიტანილი ყირიმის ხიდზე, ფეთქდება რუსული სამხედრო ქარხნები, საბრძოლო მასალის საწყობები, საწვავის ბაზები და სარკინიგზო მაგისტრალები, საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო შეფერხებით მუშაობს რუსეთის აეროპორტები, შავ ზღვაში რუსულ სამხედრო გემებსა და ტანკერებზე უკრაინული უპილოტო აპარატები ნადირობენ”, – წერს ლექსო მაჭავარიანი. 

რაც შეეხება ოპერატიულ მონაცემებს, რუსი ოკუპანტები წუხელ ისევ მასობრივად უტევდნენ უკრაინას, ძირითადად, ფრთოსანი რაკეტებით. ღამის განმავლობაში, უკრაინის ჰსთ სისტემებმა 16 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” ჩამოაგდო. 

ოკუპანტები უტევდნენ ზაპოროჟიეს, დნეპრს, ლვოვს. ლვოვში რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაზიანდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, გაჩნდა ხანძარი. 

სულ ოკუპანტების მხრიდან უკრაინის მიმართულებით 28 საჰაერო-სარაკეტო იერიში იყო მიტანილი. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 500-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს. საერთო ჯამში, თითქმის 255.000 რუსი სამხედროა მოკლული/მწყობრიდან გამოყვანილი. ამას გარდა, დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება: 540 ოკუპანტი, 7 ტანკი, 16 ერთეული ჯავშანტექნიკა, 29 საარტილერიო სისტემა, 3 ჰსთ სისტემა, 1 ვერტმფრენი.

წინა სტატიაუზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარა ვიცით შოვის ტრაგედიაზე 15 აგვისტოს დილით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური