უკრაინელები უტევდნენ ზაპოროჟიისა და დონეცკის მიმართულებით, თუმცა, წარმატებებს მიაღწიეს ოკუპანტებმაც. კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრქამ სიტუაცია მალე შეიცვლება, რადგან ბევრ ადგილას უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების მიერ გამაგრებულ თავდაცვის ზღუდეებს მიაღწიეს.
გასულ დღე-ღამეში, უკრაინაში 600-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს ასევე, განადგურებულია 12 ტანკი, 13 ჯავშანმანქანა, 30 საარტილერიო სისტემა, 14 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება.
დილიდან აფეთქების ხმები ისმოდა ოკუპირებულ დონეცკში, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის დასახლებულ პუნქტებში.
“მაქსარმა” კერძო სამხედრო ჯგუფ “ვაგნერის” ბანაკის თანამგზავრული ფოტოები გამოაქვეყნა. ბანაკი ბელორუსში, უკრაინის საზღვართან ახლოსაა განთავსებული და, სხვადასხვა ინფორმაციით, მასში 3.500-მდე ტერორისტია დაბანაკებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელებმა საზღვაო დრონი-კამიკაძით შეუტიეს რუსულ საპატრულო ხომალდ “სერგეი კოტოვს”, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთით, 370 კილომეტრიან მონაკვეთს აკონტროლებდა. რუსული უწყების ინფორმაციით, შეტევა მოგერიებულია.
ოდესაში სპეციალური პოლიციური რეჟიმი “სირენა” შემოიღეს – ეძებენ პირს, რომელმაც ქალაქის ცენტრში ერთმანეთის მიყოლებით დაცხრილა სამი მანქანა, თვითონ კი BMW X5-ით მიიმალა. ადგილზე ნაპოვნია 9მმ-იანი 5 ჰილზა.
სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კიევში, კომენდანტის საათის მოქმედების დროს: 23 წლის ბიჭმა, რომელიც უკვე დააკავეს, “ვოლკსვაგენის” მარკის საკუთარი მანქანით ბლოკპოსტი გაარღვია, ორ სამხედრო პირს დაეჯახა (მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა) და კიდევ ორ მანქანას ტარანის პრინციპით დაეჯახა. მან შორს წასვლა ვერ შეძლო, რადგან მალევე დააკავეს. გავრცელდა მისი ფოტოც. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის ფხიზელი იყო, მიმდინარეობს შემოწმება ნარკოტიკულ თრობაზე.
რუსეთ-უკრაინის ომის 500 დღეში, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე 266 დასახლებული პუნქტი დაბომბა მონაცემები ორგანიზაცია “ვიორსტკამ” გამოაქვეყნა. კვლევაში, ასევე, ნათქვამია, რომ შეტევები, ძირითადად, საზღვრისპირა რეგიონებზე მოდიოდა, ფსკოვის ოლქიდან დაწყებული, ჩრდილოეთით, რუსეთის ცენტრამდე, სარატოვის ოლქის დასახლებებში.