მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით ხსნის, ირკვევა, რომ ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს – ერთ ადამიანს მაქსიმუმ 20 ლიტრამდე ბენზინის გადატანის უფლება აქვს. არსებული განმარტებით, შეზღუდვის მიზანი არაკონტროლირებადი ვაჭრობის თავიდან აცილებაა.
ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში მცხოვრებ პირებს ესაუბრებიან, ამბობენ, რომ ახლა დღის წესრიგში უნდა დგებოდეს ამ შეზღუდვის მოხსნის საკითხი.
გალიდან გადმოსულ ადამიანებს მხოლოდ 20 ლიტრამდე აქვთ შეტანის უფლება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლოგიკური კითხვაა, რომ თუკი ამდენი, ასობით ტონა ბენზინი შეიტანა კონკრეტულმა ფირმამ, რატომ არის ისევ დეფიციტი, ერთი და მეორე – თუკი ადამიანები გადმოდიან იმისთვის, რომ შეავსონ თავისი ყოველდღიური მოხმარებისთვის ბენზინი, რატომ არის მაინც და მაინც 20ლიტრაზე შეზღუდვა. ამას სჭირდება მეტი განმარტება, მეტი საუბარი საზოგადოებასთან და მეტი ინფორმაცია თუ რა მექანიზმები არსებობს, იმიტომ, რომ არავინ გამორიცხავს იმას, რომ ეს შეტანილი ბენზინი, ადგილობრივი იქნება თუ სხვადასხვა კომპანიების, გადაყიდონ რუსეთზე, ან მოიხმარონ რუსეთის სამხედრო ბაზებმა, ან მოხდეს მათი კონტრაბანდით სხვა ვაჭრობა. უნდა მოიძებნოს რაღაც საერთაშორისო მექანიზმი, რომელიღაც მხარე ჩართული, რომელიც ამ ყველაფერს თვალყურს მიადევნებს, იმიტომ, რომ ჩვენ აქედან ვერ გავიგებთ, ეს საწვავი სად მიდის, – ამბობს მოქალაქე.
ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი, რომან გოცირიძე კი საწვავის მოცულობასა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს ადარებს და კითხულობს, სად წავიდა საქართველოდან შეტანილი 680 ტონა საწვავი. მისი შეფასებით, ეს რაოდენობა გალის რაიონს დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ეყოფოდა, თუმცა საწვავი საცალო ქსელში პრაქტიკულად არ გამოჩენილა. გოცირიძე ვარაუდობს, რომ ის აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურების საჭიროებებს მოხმარდა და ქართულ კომპანიას სანქციების რისკზეც მიუთითებს.
გალში არის 9 ავტოგასამართი სადგური. 680 ტონა გალის რაიონს ჰყოფნის 20-22 დღე. 680 ტონა აფხაზეთში არსებულ 110 ბენზინგასამართ სადგურს ჰყიფნის 5 დღე, ხოლო პიკური დატვირთის პერიოდში, ისეთში, როგორც ახლა არის, დაახლოებით 3 დღე. სადა წავიდა ეს? ბენზინგასამართ ქსელში ეს ფაქტობრივად, არ მოხვედრილა. ესე იგი, ეს მთლიანად მოხმარდა აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურებს – პოლიცია, ჩინივნიკები, მთავრობის აპარატი და ა.შ. ნებისმიერი საწვავი, რომელიც შედის აფხაზეთში, გაივლის “როსნეფტის” სტრუქტურებს, ამიტომ არ ასცდება სანქცია ამ ქართულ კომპანიას “რეფსოლს”, რომელსაც საზოგადოება იცნობს “ქონექთის” სახით, რომელმაც 680 ტონა მიაწოდა ფაქტობრივად ოკუპანტს, რუსეთს. საწვავი ეს არის რუსეთისთვის ბრძოლის იარაღი, – ამბოლბს რომან გოცირიძე.
საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შეტანა უკვე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, მიწოდება კერძო კომპანიებმა განახორციელეს და ხელისუფლება ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და ერთ-ერთ ასეთ წყაროდ საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს.
ამ ფონზე, ირკვევა, რომ სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა, ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს – ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.