უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მეზობელი ქალაქების დაბომბვის საფარად იყენებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. 6 რეაქტორით, აღნიშნული ქარხანა ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში.
რუსეთმა ქარხანა 2022 წლის მარტში დაიკავა. ოთხშაბათს ზელენსკიმ არგენტინის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის მიმართვისას თქვა, რო რუსულმა ძალებმა ქარხნის ტერიტორიაზე ან მის მახლობლად არტილერია დააყენეს.
“მოსკოვი განიხილავს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის ისეთ სცენარს, როგორიც არის კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის მსგავსი. ცინიკური სამხედრო მიზნებისთვის.
მაგრამ არც კი უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი სცენარია ყველაზე სავარაუდო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან კატასტროფის ნებისმიერი სცენარი”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ისინი კარგად არიან მომზადებულნი რუსეთის თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ქარხანაზე. თუმცა აღნიშნეს, რომ მოსკოვს შეუძლია ყველაფერი, თუნდაც “სრულიად უგუნური ქმედებები”, რაზეც შეეცდება უკრაინა დაადანაშაულოს დივერსიაში.
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ევროპის უდიდეს ატომურ სადგურზე ვითარება “საკმაოდ დაძაბულია” და “კიევის რეჟიმის მიერ დივერსიის” პოტენციალი “მაღალია”, რასაც შესაძლოა “კატასტროფული შედეგები მოჰყვეს”.