საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი განცხადებით გამოვიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით. კასიანოვმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 33 ქართველი მეომრის ხსოვნას, რომლებიც უკრაინაში 24 თებერვკლიდან დაიღუპნენ.
“დღეს ქართველი მოხალისეები იბრძვიან როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, უკრაინელი მეომრების მხარდამხარ. ისინი იბრძვიან არამხოლოდ ქართული ლეგიონის შემადგენლობაში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ფორმირებებში. დღეს ქართველი მოხალისეებიც დამსახურებულად აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს.
სამწუხაროდ, ეს დღესასწაული გააფერმკრთალა 3 დეკემბერს, ბახმუტთან, ქართველი მოხალისეების დაღუპვის ფაქტმა: ავთო რურუა, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია – ჩვენ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.
სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის ბარბაროსულ აგრესიას უკვე შეეწირა 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე. ისინი უკრაინასა და საქართველოს იცავდნენ ჩვენი საერთო მტრისგან.
ჩვენთვის ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან და მათი ხსოვნა მილიონობით უკრაინელის გულში დარჩება”, – აღნიშნა კასიანოვმა.