ოთხშაბათს New York Times-მა გამოაქვეყნა რუსი ჯარისკაცების, როსგვარდიისა და მედესანტეების სატელეფონო საუბრები – უკრაინიდან ოჯახის წევრებთან საუბარი, რომლებიც გამოცემას უკრაინის დაზვერვამ გადასცა. რედაქციამ შეისწავლა ჩანაწერების ავთენტურობა, შეადარა რა აბონენტთა ნომრები სოცქსელებსა და მესენჯერების აქაუნთებზე მიბმულ ნომრებს. გამოცემამ ასეთი 4 ათასზე მეტი ფაილი გაშიფრა და თავზარდამცემი დეტალები გაასაჯაროვა.
გთავაზობთ მათგან ყველაზე აქტუალურ ფრაზებსა და დიალოგებს.
სერგეი ა. საუბრობს გოგონასთან, სახელად ქსენია.
“ჩვენ გვითხრეს, რომ სადაც მივიდოდიდით, იქ ბევრი სამოქალაქო იქნებოდა და გვიბრძანეს, ყველა მოგვეკლა, ვისაც დავინახავდით”;
“რისთვის?”
“ნუ, მათ ჩვენი პოზიციების გაცემა შეუძლიათ. ასე რომ ყველას, ვინც იქ გაივლის, უნდა ვესროლოთ და ტყეში წავათრიოთ. მე ისედაც უკვე ვიქეცი მკვლელად და არ მინდა, კიდევ ისეთი ხალხი მოვკლა, ვისაც ვხედავ და ვინც უირაღოა”.
იგივენი, სხვა ფრაგმენტი საუბრიდან:
“ჩვენ ისინი დავაკავეთ, გავაშიშვლეთ, ტანსაცმელი გავჩხრიკეთ. შემდეგ გადაწყვეტილებაა მისაღები – გავუშვათ თუ არა. თუ გავუშვებთ, შეიძლება, ჩვენი პოზიციები გადასცენ. და გადაწყვეტილება მიიღეს, ტყეში დაგვეხვრიტა”.
“და დახვრიტეთ?”
“რა თქმა უნდა, დავხვრიტეთ”.
“ტყვედ რატომ არ აიყვანეთ?”
ორი საუბრის დამონტაჟებული ფრაგმენტი. ორივეში იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯარისკაცებს უკვე აღარ უნდათ ომში ყოფნა. თავდაპირველად სერგეი ა. გოგოს ესაუბრება:
“სანამ საომარო მოქმედებებია, არ გამომიშვებენ, არ გვაძლევენ უფლებას. გვეუბნებიან, რომ თუ წასვლა გვინდა, 5 წელი ციხეში უნდა გავატაროთ”.
“და თუ უარს იტყვი, რა მოგივა?”
“არ ვიცი, მაგრამ შეუძლიათ ჩამსვან. ბევრი ამბობს უარს, ძალიან ბევრი…”
სამხედრო მოსამსახურე სახელად ნიკიტა, ესაუბრება გოგოს:
“იმდენი გვამია ირგვლივ გზაზე, ყველგან… ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა, უბრალოდ, პზდც-ია…”
“გზაზე ყრიან?”
“კი. ყველაფერი გადამწვარია, ყარს”.
ჯარისკაცი ალექსანდრე ესაუბრება ცოლს ან მეგობარ ქალს:
“ბინა ეძებე, ორენბურგში სადმე…”
“გეყოფა!”
“მოკლედ, ერთ სახლში შევედით, “ქურდის” სახლი იყო… სეიფი იდგა, გასაღები ვიპოვეთ, გავაღეთ და ფული იყო, სადღაც 5 და ორასი…”.
“მოიშორე თავიდან…”
“არაფერსაც არ მოვიშორებ, სულელი კი არ ვარ, მთელი ბინა მიდევს ჯიბეში…”.
სერგეი ა. თავდაპირველად დედას ელაპარაკება:
“არავის უთქვამს, რომ ჩვენ ომში მივდიოდით. გაგვაფრთხილეს, რომ სადაც მივდივართ, ერთი დღის ამბავია”.
ამის შემდეგ ის თავის მეგობარს ესაუბრება:
“ჩვენ აქ ყველანი ორი-სამი დღით, ვითომ სწავლებებზე წამოგვიყვანეს, პატარა ბავშვებივით მოგვატყუეს. ამ ახვრებმა არაფერი არ გვითხრეს…”
ალექსანდრე:
“ჩვენ არ შეგვიძლია კიევის აღება. სოფლებს ვიღებთ და მორჩა… მათ უნდათ მოიტყუონ, რომ ვითომ ყველაფერი კარგადაა და არავითარი ომი არ არის, მაგრამ სინამდვილეში, ეს ომია.”
შემდეგ ჩანაწერში ქალი, ტატიანა უყვება ივანს:
“მოაქვთ და მოაქვთ კუბოები… ერთმანეთის მიყოლებით ვასაფლავებთ, კოშმარია!..”
იგორი – ბებიას:
“თქვენთანაც არის დანაკარგი?”
“მარტო ჩემი პოლკიდან 60% უკვე აღარაა. ჩვენი კოსტრომის პოლკიდან თითქმის არავინ დარჩა. იყო 400 მედესანტე, სულ 38 გადარჩა, ასე გვითხრეს. რადგან ჩვენი მეთაურები არიან სირები… პირდაპირ სასაკლაოზე აგზავნიდნენ ხალხს…”.