მიხეილ სააკაშვილი ის კაცი არ არის, რომ ვინმეს შეარჩინოს მისთვის ჯერ ნალოლიავები ქვეყნის, ახლა კი უკვე შვილის მოპარვა – ნურავის მოატყუებს მკვდრის ფერი, რომელიც მას გუშინ ედო.
ის, რაც გუშინ პოროშენკოს რეჟიმმა ჩაიდინა, არის დასტური იმისა, რომ იგი აგონიაშია და მისი დასასრული ახლოა, ძალიან ახლოს – იქვე, რადასთან, მიხაილოვსკოეს მოედანზე გაშლილ კარვებში და თვით მათშიც, რადგან დასასრული შიგნიდან ლპობით იწყება. პოროშენკოს სამეფოში უკვე ყველაფერი დალპა.
,,პოროშენკომ არაადამიანობის რუბიკონი გადალახა , ნახეთ, სანამდე მივიდნენ ეს ნაძირლები – მამას ბავშვი მოპარეს. ამას სომალელი მეკობრეებიც არ აკეთებენ ! – წერს უბრალო უკრაინელი ქალი ალა მიკლაში სოციალურ ქსელში. ამ ფრაზაში განზოგადებულია უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილის რეაქცია პოროშენკოს რეჟიმის გუშინდელ ქმედებაზე 11 წლის ნიკუშა სააკაშვილის მიმართ.
სხვა საკითხია, რა რეაქცია მოყვება ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტთან და უკრაინის ოპოზიციის ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლის აზარტში შესულმა მთავარმა მოთამაშეებმა დაარღვიეს ყველა ადამიანური და სამართლებრივი ნორმა, რომელიც ბავშვს იცავს და ყველა მცდელობა თავი იმართლონ რაღაც გაუგებრობებით და ფაქტის განსხვავებული ინტერპრეტაციებით, ამაოა.
ოლეგ სლობოდიანი, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი აცხადებს, რომ ,,გუშინ ადგილობრივი დროით 18:30 ბორისპოლში რეისით თბილისიდან ჩამოვიდა არასრულწლოვანი მოქალაქე – უკრაინის არარეზიდენტი, სააკაშვილის ვაჟი. სამწუხაროდ, ბავშვს აეროპორტში ახლობელთაგან ან რწმუნებულ პირთაგან არავინ დახვედრია. იმის შემდეგ, რაც აეროპორტში მივიდა მისის მამა, მესაზღვრეებმა გააფორმეს საზღვრის გადაკვეთის ფაქტი და დარწმუნდნენ, რომ შვილი მამას შეხვდა. რაც შეეხება სააკაშვილის თანმხლებ დაცვის თანამშრომელს, იგი უსაფრთხოების მოსაზრებით არ გადაუშვეს საზღვარზე''.
პოროშენკოს რეჟიმისთვის ასეთი განცხადების გაკეთებას ჯობდა საერთოდ არ ამოეღო ხმა, რადგან სწორედ ეს განცხადება ადასტურებს ცინიზმს თუ უმეცრებას, რომელიც მან ბავშვის უფლებების მიმართ გამოავლინა.
მაშ ასე, მათთვის ნიკუშა სააკაშვილი ,,არასრულწლოვანი მოქალაქეა, უკრაინის არარეზიდენტი, სააკაშვილის ვაჟი'' , რის გამოც ყველა ნორმის დარღვევით მოუხსნეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დანიშნული დაცვა და არც მეტი, არც ნაკლები, დააკავეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
მათ და, პირველ რიგში, პეტრო პოროშენკოს, ადრე თუ გვიან ამისათვის უსათუოდ მოუწევთ პასუხის გება, მიხეილ სააკაშვილი ის კაცი არ არის, რომ ვინმეს შეარჩინოს მისთვის ჯერ ქვეყნის, ხოლო ახლა უკვე შვილის მოპარვა.
ნიკა სააკაშვილიც ასაკისთვის უჩვეულოდ მამაცი ბიჭუნაა და ამ სტრესს მალე დააღწევს თავს, მაგრამ საკითხავია, როგორ დააღწევენ თავს პასუხისმგელობას ადამიანური და პოლიტიკური, დაუწერელი და დაწერილი კანონების დარღვევისათვის ხელისუფალნი როგორც უკრაინაში, ისე საქართველოშიც, სამარცხვინოა ამ უკანასკნელთა უღირსი დუმილი, რომელიც აქამდე არ დაურღვევიათ და აქამდე არ გაუკეთებიათ რაიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ოჯახს იცავს ქართული სახელმწიფო და უკრაინის მთავრობის ქმედება ქართული სახელმწიფოს დამცრობაა.
ენმ ერთერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური სვამს სავსებით ლეგიტიმურ, მაგრამ რიტორიკულ კითხვას:
,,უკრაინის სპეცსამსახურები საქართველოს მოექცნენ როგორც პატარა სოფელს და არა როგორც სახელმწიფოს – უკრაინის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დააკავეს პრეზიდენტის ოჯახის დაცვის ქართველი თანამშრომელი და ბავშვი სადისტურად მეურვის გარეშე დატოვეს.
რა პასუხს გასცემს საქართველო სახელმწიფოს შეურაცხყოფას?''
კითხვა რიტორიკულია იმიტომ, რომ პასუხს ადრესატისგან არც უნდა ველოდოთ – საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ბესელიების შვილებისათვის იწუხებს თავს. ის დიდი ხანია აღარ იცავს მისთვის არასასურველ თავის მოქალაქეებს არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ ერთ შემთხვევში იმიტომ,რომ თავს არ იწუხებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი იმიტომ, რომ ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტის თქმით, ,,შაჰ აბასთან თანამშრომლობს'' და რევანში წყურია ( ალბათ სავსებით ლოგიკური ასოციაციაა, თუნდაც სააკაშვილი – სააკაძეების გვარის გამო).
რაც შეეხება უბრალო ხალხის აზრს, ვინმე შეიძლება ხელებს ნიშნის მოგებითა და სიხარულითაც იფშვნეტდეს, მაგრამ ვერავინ გადასწონის რეაქციას, რომელიც წუხელ და დღეს, როგორც იტყვიან, წისქვილთან, წყაროსთან თუ ქუჩებში ჟღერს: ,,დოიღურ ჩქიმ დუდქ, სით სქუა, მიშა, დო სით, ჩქიმ ნიკუშა'' ( ,,მოგიკვდეს ჩემი თავი შენც, შვილო მიშა, და შენც, ჩემო ნიკუშა'')