მთავარისიახლეებიხალვაშის ახალი სარჩელი გვარამიას წინააღმდეგ - "რუსთავი 2"- ის მფლობელი 6,7 მილიონ...

ხალვაშის ახალი სარჩელი გვარამიას წინააღმდეგ – “რუსთავი 2”- ის მფლობელი 6,7 მილიონ ლარს ითხოვს

Published on

რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება – ბიზნესმენი ახალ სარჩელს ამზადებს და ნიკა გვარამიასგან და კახა დამენიასგან “რუსთავი 2”-ისთვის მიყენებული “ზარალის”, 6,7 მილიონი ლარის ანაზღაურებას მოითხოვს.

“მსურს გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია “ინტერმედიასთან” გარიგების დადების გზით, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, “რუსთავი 2-ს” განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს “რუსთავი 2-ს”, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. “რუსთავი 2-ისთვის” ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, “რუსთავი 2” კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში”, – ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...