ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში – მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან, არათუ შეხვედრის, არამედ დარეკვისა და წერილის გაგზავნის უფლებაც ჩამორთმეული აქვს.
მისი თქმით, შეზღუდვას პროკურატურა ყოველ ორ თვეში ერთხელ ახანგრძლივებს. ოფიციალური მიზეზი მოწმეზე შესაძლო ზეწოლის თავიდან აცილებაა, თუმცა თავად პატიმარი ამტკიცებს, რომ საქმეში ადამიანი-მოწმე საერთოდ არ ფიგურირებს და საუბარი მხოლოდ ძაღლზეა, რომლის რეალური არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც პატიმარი ყვება, ერთ საქმეზე, რომელზეც 13 წელი აქვს მისჯილი, განაჩენი უკვე დამდგარია. მეორე საქმეზე კი, რომელიც, მისი თქმით, მის წინააღმდეგ შეკერეს, სასამართლო განხილვები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან შეხვედრით, შესაძლოა ძაღლზე, ცუგაზე, ზეწოლა მოვახდინო.
უკვე ერთი წელია, მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფს აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია: ვერ ვრეკავ, წერილს ვერ ვაგზავნი, შვილებს ვერ ვხვდები. პროკურატურა ამ შეზღუდვას ყოველ ორ თვეში ერთხელ მიგრძელებს, მოწმეზე ზეწოლის თავიდან აცილების მოტივით. თუმცა, ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს — არის მხოლოდ ძაღლი, ცუგა. (ისიც საკითხავია, ეს ძაღლი რეალურად არსებობს თუ არა).
უფრო გასაგებად: ერთ საქმეზე, რომელზეც უკვე 13 წელი მომისაჯეს, განაჩენი დამდგარია, შესაბამისად შეზღუდვების გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს. მეორე, აბსურდულ საქმეზე კი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ შეკერეს, სასამართლო პროცესები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. თუმცა, სწორედ ამ საქმეს იყენებენ ჩემთვის კომუნიკაციის აკრძალვის გასაგრძელებლად. სასამართლოები ამ საქმეზე არ ტარდება, თუმცა შეზღუდვები გრძელდება, რომ მოწმეზე ზეწოლა არ მოვახდინო. ვიმეორებ, მოწმე მხოლოდ ოთხფეხა ძაღლია, რომლის არსებობაც კიდე საკითხავია.
ამავე დროს, გლდანის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ბრალდებული პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოდის, მე შვილებთან საუბრის უფლებას მიზღუდავენ, რომ ძაღლზე ზეწოლა არ მოვახდინო, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის წამების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომელთაც ათობით შესაძლო მოწმესა და მნიშვნელოვან ვიდეომტკიცებულებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლებაში ყოფნის უფლებას აძლევენ
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia , საინტერესოა, რა სტანდარტით ხელმძღვანელობთ, როდესაც აგრძელებთ ჩემი უფლებების შეზღუდვას იმ მოტივით, რომ შვილებთან შეხვედრით, თანაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან შესაძლოა, ძაღლზე ზეწოლა მოვახდინო, მაშინ როცა თავისუფლებაში ტოვებთ ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთაც უმარტივესად შეუძლიათ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში მოწმეებზე ზემოქმედებაც და მტკიცებულებების განადგურებაც. იქნებ, განმიმარტოთ ეს ორმაგი სტანდარტი”- წერს ელისაშვილი.