ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უეფა განმარტავს, რომ თამაშის დროებით შეჩერება ტრიბუნებზე ვითარების უკიდურესმა გამწვავებამ გამოიწვია, რასაც წინ ადგილობრივი პოლიციის სექტორში შესვლა უძღოდა.
ორგანიზაციის ცნობით, სამართალდამცველები ტრიბუნაზე თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის დაწყებული დაპირისპირების შესაჩერებლად შევიდნენ, თუმცა ამის შემდეგ სიტუაცია პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდა. უეფა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიასაც ეხმიანება და აზუსტებს, რომ ესკალაცია სწორედ ამ ნაბიჯს მოჰყვა:
„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა თავად კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები შეეჩერებინა. ვითარების გამწვავებამ მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია“.
ამასთან, უეფა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბათუმში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი თავად არ ყოფილა და სტადიონზე უსაფრთხოების ზომებზე პასუხისმგებლობას იხსნის:
„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, — ნათქვამია განცხადებაში.