საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის მცდელობაში.
სახალხო დამცველის თანახმად, განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს. როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს.
განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.
სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოიხილა საერთაშორისო სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ასევე სამეცნიერო და სხვა ნაშრომები სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტების, უშუალოდ ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით სპეციალური განზრახვის გამოკვეთის მნიშვნელობისა და, ასევე, მოტივისა და მიზნის გამიჯვნის საჭიროების შესახებ.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს.