უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ “რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან”.
ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ მედია Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა. ის 6 სექტემბერს კიევში აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. ტრამპის წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქშირუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ ჩავიდნენ.
ზელენსკი რუსეთის მზადყოფნას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, რუსეთის მოქმედებები ბრძოლის ველზე და ბოლო პერიოდის იერიშების ესკალაცია კომპრომისისთვის მზადყოფნაზე არ მიუთითებს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინი მოლაპარაკებების პროცესის წინსვლის შესახებ გარკვეული იდეების განხილვისთვის მზად არის.
ზელენსკის თქმით, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვსა და კიევში, პირველ რიგში, დიპლომატიური პროცესის “განსაბლოკად” ჩავიდნენ, თუმცა, ამას გარდა, რამდენიმე ახალი იდეაც ჰქონდათ.
უკრაინის პრეზიდენტმა მათი დეტალების გამხელაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ზამთრის წინ და ზამთრის პერიოდში რუსეთისა და უკრაინის მხრიდან შესაძლო დეესკალაციის ნაბიჯებს.
“არის იდეები ენერგეტიკასთან, მარცვლეულის მიწოდებასთან, ელექტროენერგეტიკასთან, ასევე ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ და რუსეთს განსხვავებული ინტერესები გვაქვს.” – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ს ახალი მიდგომა გულისხმობს როგორც მოლაპარაკებების განახლებას, ისე ისეთი შეთანხმებების მიღწევის მცდელობას, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს საშუალებას მისცემს, სერიოზული ესკალაციის გარეშე გადაიტანონ ზამთარი. ზელენსკიმ ამ მიდგომის ორ მთავარ მიზნად მოლაპარაკებების განახლება და ისეთი ზომების მოძიება დაასახელა, რომლებიც მხარეებს მშვიდობასთან დააახლოებს. მისი თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინისთვის “ზამთრის პაკეტის” მომზადებას, რომელიც საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში დახმარებას მოიცავს.
“საქმე მხოლოდ რაკეტებს არ ეხება. საუბარია ასევე თხევად ბუნებრივ აირზე და დეესკალაციის ნაბიჯებზე.” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ერთ-ერთ შესაძლო ადგილად ზელენსკიმ ნიუ-იორკში, სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეა დაასახელა.
“ჩვენ გვაქვს სექტემბერი და ოქტომბერი, რათა დიალოგის ნებისმიერი გზა ვიპოვოთ. დიალოგის გარეშე შედეგი არ გვექნება. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს იპოვოს გზა, რათა მოლაპარაკებების პროცესი ცივი ზამთრის დადგომამდე რეალურად დაიწყოს.” – განაცხადა მან.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიპლომატიური პროცესის განმავლობაში უკრაინამ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, უკრაინის მდგომარეობა ბრძოლის ველზე ახლა უკეთესია, ვიდრე ადრე, თუმცა ქვეყანას საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობა აქვს და რუსეთის დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები გრძელდება.
ზელენსკიმ აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა და მათ მოლაპარაკებებში გავლენის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად მოიხსენია.
“პუტინს ფული სჭირდება. პუტინს ფული ომის გაგრძელებისთვის უნდა.” – თქვა მან.