ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო. პოლიტიკოსის თქმით, ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული და ამის შესახებ პარტიის გენერალურ მდივანსაც ორი კვირით ადრე აცნობა. ბოკუჩავა ამბობს, რომ არ იცის, რატომ იჩქარეს სხდომის ორგანიზატორებმა სხდომის და შემდეგ ყრილობის ჩანიშვნა.
ერთი კვირით ოჯახთან ერთად გასული ვარ ქალაქიდან, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩანიშვნა და შემდეგ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები, ჩემი აზრით, თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ. უბრალოდ, გუშინ ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან მივიღე ზარი თუ ტექსტური შეტყობინება ამ კითხვით. ბუნებრივია, არ მინდოდა, უყურადღებოდ დამეტოვებინა თავისუფალი მედიის ჟურნალისტების კითხვები, ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ ვიმყოფები ქალაქში, თუმცაღა ეს წინსწრებად მქონდა ასე დაგეგმილი და რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო პარტიის გენერალური მდივანი და შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც დააორგანიზეს გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომა, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
პარტიაში კი ამბობენ, რომ სხდომაც და ყრილობაც დროულად იყო ჩასატარებელი.
შეხვედრებში მონაწილეობას არაფერი წინ არ უდგას. მე ვერ გეტყვით ტექნიკურ დეტალებს, მაგრამ ყრილობა იყო დასაგეგმი, ჩასატარებელი ძალიან სწრაფად, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტსაბჭო იყო აუცილებლად მოსაწვევი, მათ შორის იმ ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც ამოეწურა პარტიის მენეჯმენტს.
მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისში არ ვიმყოფებოდი, გუშინ ვესაუბრე ჩემს კოლეგებს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა იქნება და საუბარი იმაზე, რომ იყოს ჰორინტალური ორგანო, რომელიც მეტწილად იქნება გარდამავალ პერიოდში დაკავებული პარტიის მენეჯმენტით, მე ვფიქრობ, ეს მისაღებია, – ამბობს დეკანოიძე.
ირაკლი ფავლენიშვილი კი ამბობს, რომ პარტიის ზოგიერთი წევრი პოლიტსაბჭოს სხდომისთვის სპეციალურად რეგიონებიდან ჩამოვიდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ქალბატონი თინა დასწრებოდა ამ სხდომას, თუმცა მან ვერ მოახერხა, ამგრამ ისიც ცნობილი იყო, რომ ივლისის ბოლოს ტარდებოდა, ეს საჯაროდ არაერთხელ თქმულა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა სტატუსი დაწერილი, რომ ივლისის ბოლოს იქნებოდა ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომა, ამიტომ ეს გასაკვირი არავისთვის იყო. ჩვენი ძალიან ბევრი წევრი რეგიონებიდან ჩამოვიდა ამ დღისთვის, ამიტომაც ამის შესახებ ინფორმირებული ყველა იყო და ზოგმა მოახერხა ჩამოსვლა, ზოგმა ვერ მოახერხა, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას გუშინ, 2 საათის განმავლობაში მართავდა. ცნობილია, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ დასწრებია.
ყრილობა 5 აგვისტო, 15:00 საათზე გაიმართება.
tv.pirveli